პოლონეთის 20 რაიონში საკარანტინე ზომები გამკაცრდება
პოლონეთის 20 რაიონში, კორონავირუსით ინფიცირებულთა გაზრდის გამო, საკარანტინე ზომებს გაამკაცრებენ.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ლუკაშ შუმოვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკანასკნელი 14 დღის განმვალობაში 20 რაიონში ინფიცირებულთა დინამიკა შემაშფოთებელია.
“ამ რაიონებში საკარანტინე ზომების გამკაცრება გვინდა. ეს შეეხება ბაზრობებს, ქორწილებს, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, კვების ობიექტებს, ტრანსპორტსა და ნიღბის რეჟიმს”, – თქვა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
პოლონეთში ბოლო 10 დღეა, ახალი შემთხვევების ოთხი ანტირეკორდი დაფიქსირდა, როდესაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოდ 500-600 პირს შეადგენდა.
პანდემიის დაწყებიდან პოლონეთში კორონავირუსის 48 789 დადასტურებული შემთხვევაა, 1 756 ადამიანი გარდაიცვალა, 35 321 განიკურნა.