ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისგან დაცვის სერვისების მიმღები ბენეფიციარები თავშესაფრის შემდგომი პროგრამების შემუშავებაში ჩაერთვნენ

ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრების ბენეფიციარების ეკონომიკური გაძლიერება და სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი მხარდაჭერა, – ამ საკითხებზე საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – ლელა აქიაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიასთან ერთად, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრისას ისაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა, თუ რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ და რა გამოწვევების წინაშე არიან ის ადამიანები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს სახელმწიფოს სერვისებით და დატოვეს თავშესაფარი.

“შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია თავშესაფრის შემდგომი მხარდაჭერა და ეკონომიკური გაძლიერება, მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა და გაძლიერება, მათ შორის, თავად ძალადობაგამოვლილი ადამიანებისა და საზოგადოების მხრიდან, რომლებიც დღემდე ვერ აღწევენ თავს ძალადობას.

პრემიერის მრჩეველმა კრიზისული ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სადაც ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს თავშესაფრის სერვისით სარგებლობა დამოკიდებულ პირებთან ერთად შეუძლიათ. ასევე, ცენტრი ბენეფიციარებს უფასო ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციასა და სამართლებრივ კონსულტაციას სთავაზობს. აღინიშნა, რომ კრიზისული ცენტრი ძალადობაგამოვლილ ადამიანებს უსაფრთხო გარემოს უქმნის.

თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის მიზანი ძალადობაგამოვლილი ადამიანების დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციაში ხელშეწყობაა.

ამ დროისათვის, ქვეყანის მასშტაბით მოქმედებს ხუთი კრიზისული ცენტრი და ხუთი თავშესაფარი. ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს თავშესაფარში მოხვედრა ან კონსულტაციის გავლა ცხელი ხაზის (116 006) საშუალებით 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები