მიხეილ სარჯველაძე – პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ – უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს
რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ აკვირდებიან.
„20:00 საათისთვის, მდგომარეობა არის არსებითი დინამიკის გარეშე. არის გარკვეული ცვლილებები, ცალკეული მიმართულებით და ცალკეული ცვლადების მიხედვით, თუმცა რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ.
ექიმები მუდმივად აკვირდებიან ყველა მონაცემს, სად შეიძლება ვნახოთ შესაძლებლობა შემდგომი გაუმჯობესებისთვის, ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რომელიმე მიმართულებით, წამლის დაბალ დოზაზე გადაყვანა და ა.შ.
უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს, მათ სამუშაოს, დაკვირვებებს და აქედან გამომდინარე, შემდეგ შეგვეძლება გავაკეთოთ დასკვნები. ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, ეს არის ისეთ პროცესი, რასაც სჭირდება მუდმივი დაკვირვება, ფრთხილად გაზომვა და დასკვნების სწორად გაკეთება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.