შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის, საერთო ჯამში ეს გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გამჭვირვალეს გახდის და დადებითად აისახება კონკურენციაზე
“როდესაც ურთიერთობებში ასიმეტრიული ურთიერთობაა და ერთ მხარეს გააჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობა, მეორე მხარეს უჩნდება დამატებითი ხარჯები”,- ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
„ეს დამატებითი ხარჯები იწვევს დამატებითი საოპერაციო ხარჯების გაჩენას, ამ შემთხვევაში თუ ის მწარმოებელია საქართველოში და ეს საბოლოო ჯამში ითარგმნება პროდუქციის თვითღირებულების ზრდაში. ერთის მხრივ, გადახდის რა პირობა იქნება, 90 დღიანი კონსიგნაცია იქნება თუ 60 დღიანი, ვითომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საერთო ჯამში, მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ქვედა რგოლებს ეზრდებათ სამუშაო კაპიტალი, მისი მოთხოვნილება ეზრდებათ და რაც უფრო დიდხანს იწევა გადახდის პირობები, მით უფრო მეტი კაპიტალი სჭირდება, ეს კაპიტალი ძვირი ღირს და საერთო ჯამში ეს აისახება პროდუქტის თვითღირებულებაზე.
ჩვენი მიზანი არის, რომ სექტორის რაღაც ფორმის სტანდარტიზაცია შევძლოთ ისე, რომ ეს იყოს სამართლიანი რგოლში მონაწილე ყველა ჯაჭვისთვის და არსებობდეს საშუალება, რომ ამაზე მოხდეს მონიტორინგი. საერთო ჯამში ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ გააჯანსაღებს სექტორს, უფრო გასაგებს გახდის, უფრო გამჭვირვალეს გახდის და დადებითად აისახება კონკურენციაზე“- განაცხადა ბერეკაშვილმა.