თეა წულუკიანი: საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს განსაზღვრავს
“შშმ პირთა შესახებ კანონი, რომელსაც არა მხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ათეულობით წლის განმავლობაში ელოდა, გამოქვეყნებულია”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს განსაზღვრავს.
„საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს. შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებას კანონი, პირველ რიგში, სახელმწიფოს აკისრებს. აქვე განისაზღვრება სხვადასხვა უწყების ვალდებულებები, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები შესაბამის სფეროში კანონის ეფექტური აღსრულებისთვის.
დღეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ახალი კანონი ჩაანაცვლებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონს. ეს უკანასკნელი, მისი მიღების თარიღიდან გამომდინარე, მთლიანად მოძველებულია და აღარ პასუხობს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს, ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები კი, რეალურად, ვეღარ მოქმედებს”,- განაცხადა წულუკიანმა.