გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის რეზერვუარის წყლით შევსება დაიწყო
წყალმომარაგების კომპანია გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებს, სადაც ამ დროისთვის ახალი რეზერვუარის წყლით შევსება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, აშენდა ხელოვნური ტბა, მიმდინარე სამუშაოები კი ამ ტბისთვის რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას ითვალისწინებს.
“მიმდინარეობს გუდაურის ხელოვნური გათოვლიანებისთვის ტბის მოწყობის პროექტი, თუმცა ეს მხოლოდ ტბას არ მოიცავს. ჯამურად, მოიცავს ორ ეტაპს – ერთი ეტაპი 2019 წელს დაიწყო, რომლის ღირებულებაც შეადგენდა, დაახლოებით, 11 მილიონ ლარს. ეს იყო ტბის ინფრასტრუქტურის შექმნა შესაბამისი ტექნოლოგიის მიხედვით, რომელიც გამოიყენება ზამთრის კურორტებზე. ხელოვნური რეზერვუარის მოცულობა არის 96 000 ტონა. ამჯერად, მიმდინაორებს 2 600 000 მილიონი ლარის ღირებულების მეორე ეტაპი, რომელიც სეზონამდე დასრულდება. სამუშაოები ითვალისწინებს შესაბამისი სატუმბი სადგურისა და ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც შემდგომში კომპლექსურად ამუშავდება. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი დასრულდება დათქმულ ვადებში და უზრუნველვყოფთ გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ტურისტებსა და დამსვენებლებს ნალექის სიმცირით გამოწვეული დისკომფორტი აღარ ექნებათ”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, წყალმომარაგების კომპანიამ, პარალელურად, გამოაცხადა ორი ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს გუდაურში,მ როგორც მიმდინარე მშენებლობებს, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიხსნება, ასევე – საბაზისოებს, რაც იყო, ჰქონდეთ სტაბილური წყალმომარაგება.
“აღნიშნული პროექტების განხორციელება მოგვცემს იმ შედეგებს, რომ გავზარდოთ წყლის დებიტიც და განვაახლოთ ინფრასტრუქტურა. ჯამურად, პროექტების ღირებულება 16 მილიონ ლარზე მეტია. საბოლოოდ, წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემებს, რაც გასულ წელს წარმოიშვა, აღარ გადავაწყდებით გუდაურში და, შესაბამისად, ხელოვნური გათოვლიანებაც გვექნება”, – აცხადებს ილია ბეგიაშვილი.