ისრაელში კანონპროექტი დაამტკიცეს, რომელიც მთავრობას ეპიდემიის პირობებში საგანგებო უფლებამოსილებას ანიჭებს
ისრაელის ქნესეთმა მესამე მოსმენით კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მთავრობას ეპიდემიის პირობებში საგანგებო უფლებამოსილებას ანიჭებს. პარლამენტმა ოპოზიციის მიერ წარდგენილი შესწორებები არ გაიზიარა.
ახალი კანონის მიხედვით, მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ასევე, დაამტკიცოს განკარგულება, რომელიც მოსახლეობას კერძო და საზოგადოებრივ ტერიტორიაზე აქტივობებს შეუზღუდავს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობას შეუძლია აღნიშნული უფლებამოსილებების ამოქმედება, თუ დარწმუნებულია, რომ არსებობს ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების საფრთხე და მოსახლეობის ჯანმრთელობას დიდი ზიანი შეიძლება, მიადგეს, თუ მსგავსი უფლებამოსილება განხორციელებული არ იქნება.
კანონში გათვალისწინებულია ასევე რიგი შემაკავებელი პუნქტები, რომლებიც მთავრობას არ აძლევს შესაძლებლობას, უფლებამოსილებებით მუდმივად და დაუსრულებლად ისარგებლოს. ამასთან, აღინიშნება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივებისთვის საჭიროა ქნესეთის ნებართვა. კანონის თანახმად, მთავრობას შეუძლია, დააწესოს შეზღუდვა დემონსტრაციების, ლოცვის ან სხვა რელიგიური რიტუალების ჩატარებაზე, მაგრამ მათი სრული გაუქმება არ შეუძლია.