ისრაელში მესამე დღეა, კორონავირუსის დღიური ანტირეკორდი ფიქსირდება – ქვეყანა ტოტალური კარანტინის ზღვარზეა

ისრაელში უკვე მესამე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური ანტირეკორდი ფიქსირდება. 21 ივლისს 2022 ინფიცირებული გამოვლინდა, 22 ივლისს – 2032, ბოლო ერთ დღეში კი მაჩვენებელი 2327-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ვირუსზე დადებით პასუხს ყოველი მე-12 ადამიანი ღებულობს, რომელიც ტესტირებას გადის. მანამდე, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტაინმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღიური მაჩვენებელი 2000-ზე მეტ ინფიცირებულს გამოავლენს, ქვეყანაში ტოტალური კარანტინის რეჟიმი დაწესდება. ამასთან, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთი რეჟიმის შემოღება არარეალურია, რადგან ის ეკონომიკას მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს, ასევე, საზოგადოების უკმაყოფილების ტალღას გამოიწვევს. 23 ივლისს მდგომარეობით, ისრაელში კორონავირუსის 56 748 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 433 პაციენტი ემსხვერპლა, ხოლო 23 560 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები