ლუცკში უკრაინის შს მინისტრი გაემგზავრა – ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული
უკრაინის ქალაქ ლუცკში, სადაც მამაკაცმა 20-ზე მეტი მძევალი აიყვანა, ქვეყნის შს მინისტრი არსენ ავაკოვი გაემგზავრა.
მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ვითარება პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.
როგორც პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ვითარება მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს.
ამის პარალელურად, ლუცკში სპეცრაზმია მობილიზებული. როგორც ვოლინსკის ოლქის ეროვნული პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა, იური კროშკომ განაცხადა, მამაკაცი სამართალდამცველებთან კონტაქტზე არ გადის.
ქვეყნის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე “მძევლების აყვანის” მუხლით აღძრა.
ქალაქ ლუცკის ცენტრში მამაკაცმა ავტობუსი და მასში მყოფი 20-ზე მეტი ადამიანი მძევლად, დაახლოებით, ერთი საათის წინ აიყვანა.
სოციალურ ქსელში ავტობუსის გატაცებამდე მის მიერ ჩაწერილი ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელშიც მამაკაცი ითხოვს, რომ სასამართლოების თავმჯდომარეებმა, მინისტრებმა, მთავარმა პროკურორმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პატრიარქმა, ასევე, უკრაინის ყველა ოლიგაქრმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც აცხადებენ, რომ სწორედ ისინი არიან ტერორისტები, ტერორისტები კანონში.