დაღუპულთა რეკორდული რიცხვი სანქტ პეტერბურგში და რუსული ტელევიზორებიდან გამქრალი Covid-19

ივნისში სანქტ პეტერბურგში 7106 ადამიანი გარდაიცვალა – ამ ქალაქისთვის ეს მონაცემები 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წამოადგენს. ამ ინფორმაციას „ინტერფაქსი“  სამოქალაქო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე დროს, 2020 წლის მარტიდან ივნისის პერიოდში სანქტ პეტერბურგში 23 930 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 17%-ით უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე – შარშან, ანალოგიურ პერიოდში. კორონავირუსის დაინფიცირების მხრივ, პეტერბურგი მეორე ადგილზეა რუსეთის რეგიონებს შორის. სულ ამ ქალაქის რეგიონში 1520 ადამიანი დაიღუპა დადასტურებული პნევმონიითა და კორონავირუსით.  ამ დროისთვის, რუსეთში დაინფიცირების 6509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უშუალოდ კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 176 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო, ოფიციალური სტატისტიკით, მთლიანად გარდაცვლილია 10 667 ადამიანი.

ასეთი მონაცემების გათვალისწინებით, დამოუკიდებელ რუსულ მედიარესურსებში აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ მაისში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ  რეკომენდაცია გასცა, დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკაში არ შეიყვანონ ის ადამიანები, ვისაც Covid-19 დაუდასტურდათ, მაგრამ ჩივილები არ ჰქონიათ. პეტერბურგის მაცხოვრებლებმა სოციალურ ქსელებში  ჯგუფი Ковид-19  შექმნეს,  სადაც ისინი წერენ შემზარავ ისტორიებს; ცდილობენ, ექიმებს დაუკავშირდნენ, რათა ოჯახის წევრების მკურნალობის შესახებ ინფორმაცია გაიგონ და რაიმე სიახლე მაინც შეიტყონ, რადგან ტელეფონითაც კი მათ არაფერს ატყობინებენ.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დასაწყისშივე და გავრცელების შემდგომ პერიოდშიც რუსეთის წამყვანი ექიმები, სამოქალაქო სექტორი და დამოუკიდებელი მედია იმის შესახებ საუბრობდნენ, რომ კოვიდის სტატისტიკა რუსეთის ხელისუფლების მიერ ყალბდება, ექიმები ელემენტარული ჰიგიენის საშუალებების დეფიციტს განიცდიან, ხოლო პაციენტები კლინიკებში საჭირო მკურნალობას ვერ იღებენ.

ცოტა ხნის წინ უმსხვილესმა სოციოლოგიურმა ასოციაციამ –  ESOMAR-მა კვლევა ჩაატარა. რუსეთის ფედერაციაში გამოკითხული ექიმების 60%-მა განაცხადა, რომ არ ენდობა კრემლის ოფიციალურ სტატისტიკას კორონავირუსთან დაკავშირებით. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49%) დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება განგებ ამცირებს კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკას. გამოიკითხა 500-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი, მათგან ნახევარს თავად ჰქონდა “კოვიდ-19”-ის მქონე პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება. ამ მედიკოსთა 16%-მა  თავად გადაიტანა კორონავირუსის ინფექცია.  რუსული სტატისტიკის მიმართ უნდობლობაზე მაისში რუსი ექიმების 78% საუბრობდა. ამათგან 17%-მა აღნიშნა, რომ  მანიპულაციების შესახებ ფაქტები თავად აქვთ.

ამ ფონზე, საინტერესოა ქალაქ პერმის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს ექიმის მიმართვა, რომელიც ახლახან Новая газета-მ გამოაქვეყნა. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ნიკოლაი ოსადჩი ამბობს, რომ მის დაწესებულებაში კორონავირუსის აფეთქება მოხდა. მისი თქმით, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია პროფილურ კლინიკებში რამდენიმე დღის განმავლობაში არ ხდება, ხოლო დაინფიცირებულ ექიმებს საავადმყოფოს ადმინისტრაცია ეპიდემიოლოგიური რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. ეს კი მაშინ, როცა ამ კლინიკაში არანაირი პირობაა  პერსონალისა და პაციენტების დაცვისთვის. ნიკოლაი ოსადჩი აცხადებს, რომ როგორც კი კლინიკის თანამშრომელს ტესტის დადებითი პასუხი უფიქსირდება, ადმინისტრაცია  ვიდეოკამერების ჩანაწერების ნახულობს და დაავადებულ თანამშრომლებს აქეთ ბრალს სდებს. „ასე, მაგალითად, იქცევიან მაშინ, თუ პერსონალი  ნიღაბს გაისწორებს ან საპირფარეშომდე ნიღბის ან ქუდის გარეშე მივა.  “შესაბამისად, დაავადებულ თანამშრომელს არ უხდიან დაზღვევის თანხას და პირიქითაც, მათ ჯარიმებს უწერენ. „ამ დროს, არ გვაქვს გამიჯნული ზონები, არ გვაქვს სივრცე, სადაც შეიძლება, სანიტარული დასუფთავება ჩავიტაროთ, გავიხადოთ დაბინძურებული ტანსაცმელი, ამიტომ დაინფიცირებისგან თავს ვერ ვიცავთ”, – ღიად ამბობს ექიმი.

თუმცა, მთავარ მიზეზად იმისა, თუ რატომ ხდება რუსეთში სტატისტიკის ფალსიფიცირება და გაყალბება, სახელდება 1-ელ ივლისს ჩატარებული სახალხო რეფერენდუმი, რომლის გადადება ვლადიმერ პუტინს არ სურდა. სწორედ ამ მიზნით,  24 ივნისს მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა და  რუსეთის მრავალ ქალაქში ზეიმები გაიმართა იმის მიუხედავად, რომ პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებდა. 1-ელი ივლისის რეფერენდუმმა რუსული კონსტიტუციის ბედი გადაწყვიტა –  ძალაში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვით ვლადიმერ პუტინი 2036 წლამდე შეძლებს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნას.

როგორც რუსები ახლა ამბობენ, სწორედ ამ მისი სურვილისა და მიზნის გამო, რუსეთში კორონავირუსი გაქრა, მაგრამ  – მხოლოდ ტელევიზორებიდან.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები