დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სალომე ვარდიაშვილის ანგარიში მოისმინა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, სალომე ვარდიაშვილის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის ანგარიში მოისმინა.
დოკუმენტში ვრცლად არის განხილული სფეროს თითოეულ დარგში არსებული პრობლემები და გამოწვევები, საზოგადოებრივი დამცველისა და კომპანიების მხრიდან განხორციელებული საქმიანობების ანალიზი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და გაუმჯობესების შედეგები. მომხსენებელმა ისაუბრა განხორციელებული აქტივობების შესახებ, მოიყვანა ბოლო 5 წლის შედარებითი სტატისტიკა და განაცხადა, რომ მეხუთე, შემაჯამებელ წელს ფაქტობრივად მოგვარდა და გამოსწორდა სისტემაში მანამდე არსებული დარღვევები. მან დეპუტატებს ასევე სამომავლო გეგმები გააცნო.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს კითხვები.
კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ მომხსენებელს შესთავაზა დამატებით სამუშაო შეხვედრა, რომ პარლამენტიც ჩაერთოს სისტემაში ჯერ კიდევ არსებული სირთულეების აღმოსაფხვრისა და მომხმარებელთა ინტერესების ეფექტიანად დაცვის მიზნით პრობლემების მოგვარებაში.
კომიტეტმა სხდომაზე იმსჯელა საქართველოს პარლამენტის 73 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტის „2020 – 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის” დამტკიცების შესახებ.
კონცეფცია პარლამენტის წევრმა ირინა ფრუიძემ წარადგინა. მისი თქმით, „ქვეყანაში მრავალი გამოწვევა არსებობს და ეს ბუნებრივია აისახება ახალგაზრდებზე და ამის მოგვარება რეალურად მხოლოდ ცალკეული დარგების პოლიტიკით შეუძლებელია, ვინაიდან ახალგაზრდობას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, საჭიროა, რომ ახალგაზრდობა ქვეყანაში იყოს პრიორიტეტი ეს დეკლარირებულად ასეა, მაგრამ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენ გვყავდეს ჯანსაღი, რეალიზებული, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული და დასაქმებული ახალგაზრდობა”.
მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2015 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგიული დოკუმენტი – ახალგაზრდობის პოლიტიკა და შემდეგ შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც თავის დროზე საერთაშორისო და ახალგაზრდული ორგანიზაციების გარკვეული ჩართულობით შემუშავდა. ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ახალგაზრდების გაძლიერებას და საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სისტემურ მიდგომას, თუმცა, როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ახალგაზრდების წინაშე კვლავაც მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, განათლებასა და დასაქმებას, რესურსებსა და შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას. 2019 წელს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შეიქმნა „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფი”, რომელმაც გააერთიანა სფეროში მოქმედი სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო და სხვა ტიპის დაწესებულებათა წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის ხელშეწყობით და საქართველოში გაეროს ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით კომიტეტმა მოამზადა და ჩატარდა მთელი რიგი კვლევები, რომელთა ანალიზის საფუძველზეც გამოვლინდა სფეროში არსებული ხარვეზები, განისაზღვრა ახალგაზრდების საჭიროებები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მათი პრიორიტეტები. სწორედ ამის საფუძველზე მომზადდა „2020-2030 წლების სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის” პროექტი.
მომხსენებლის თქმით, კონცეფციით განისაზღვრება სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის 5 სტრატეგიულ პრიორიტეტი, ესენია – საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა; ხალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა. ხალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა; მათი ეკონომიკური გაძლიერება და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სრულყოფა.
ირინა ფრუიძემ ისაუბრა კონცეფციის მიღების აუცილებლობასა და მისი განხორციელების შედეგად მოსალოდნელ ეფექტზე.
კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორივე განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.