ნათია თურნავა: ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ენერგეტიკაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს
„მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი, რაც გაამარტივებს და უზრუნველყოფს მეტი ინვესტიციის მოზიდვას ამ დარგში, ხელს შეუწყობს ჩვენი ჰიდრორესურსების მაქსიმალურ ათვისებასა და „მწვანე ენერგეტიკის” განვითარებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ხანგრძლივი მსჯელობა მიდიოდა იმაზე, თუ როგორ დაეჭირა მხარი სახელმწიფოს იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, განავითარონ მცირე და საშუალო ჰიდროსადგურები.
„ენერგეტიკული რეფორმისა და ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში, რამდენიმე ხნის წინ დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა, სადაც საათობრივი ვაჭრობა განხორციელდება. შესაბამისად, ზუსტად ახლა, ამ ბირჟის დაფუძნების შედეგებზე დაყრდნობით, შემოვიღეთ ისეთი წესი, რომ მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებში ინვესტიციის მოსურნე სუბიექტები ივაჭრებენ ამ ბირჟაზე და აქ მიღებულ შემოსავალთან ერთად სახელმწიფოსგან დამატებით 0,015 აშშ დოლარამდე მიიღებენ ყოველ კილოვატ საათზე გაყიდულ ელექტროენერგიაზე. ეს არის ე.წ feed-in premium – ევროპული პრაქტიკა, რომლის წყალობითაც უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტირება ენერგეტიკაში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკა არის ერთერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.
„აქედან გამომდინარე, ასეთი მექანიზმები, რომელიც წაახალისებს დარგში მეტ ინვესტიციას, აუცილებლად უნდა გვქონდეს ინვესტორებისთვის შეთავაზებული. ეს არის, ნაწილობრივ, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობილი მექანიზმი, თუმცა, გამოხატულია მხარდაჭერაც სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფს იმ რისკების განეიტრალებას, რაც ბაზრის ფასის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე შეფასებით, მხარდაჭერის ახალი მექანიზმი მისასალმებელი იქნება ენერგეტიკით დაინტერესებული ინვესტორებისთვის, რადგან მომზადების პროცესში მთავრობა მათთან ძალიან აქტიურ კონსულტაციებს გადიოდა.