დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირება ერთნაირად პოზიტიურად აისახება როგორც კომერციული, ასევე, საყოფაცხოვრებო სექტორის ენერგომომარაგებაზე
„ელექტროენერგიის ბირჟის ამოქმედება, რომელიც ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული სექტორისთვის, ასევე, საბოლოო მომხმარებლებისთვის”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნესასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში.
მინისტრის მოადგილის თქმით, ბაზრის დერეგულირება და ლიბერალიზაცია ერთნაირად პოზიტიურად აისახება როგორც კომერციული, ასევე, საყოფაცხოვრებო სექტორის ენერგომომარაგებაზე.
დავით თვალაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმის მიზანია ადგილობრივი ენერგორეგულაციების ევროპულთან ჰარმონიზაცია, რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე – დავით ნარმანია, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი – ირინა მილორავა, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის მმართველი – უჩა უჩანეიშვილი და ესკო-ს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) გენერალური დირექტორი – ზაზა დვალიშვილი.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა „ელექტროენერგიის ბაზრის წესების პროექტზე”, რომლის საჯარო განხილვაც სემეკ-ის ორგანიზებით მიმდინარეობს. ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთა შორისაც, ძირითადად, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ, აინტერესებდათ ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოწყობის პრინციპები. ოფიციალური პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა ბიზნესის შეკითხვებს გასცეს პასუხები.
აღინიშნა, რომ ელექტროენერგეტიკული დღით ადრე (საათური) ბაზრისა და საბალანსო ბაზრის დანერგვის შედეგად გაიზრდება საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ენერგეტიკული პოტენციალი, გაჩნდება მეზობელ ქვეყნებთან ბაზრის ინტეგრაციისა და ლიკვიდურობის ზრდის ახალი შესაძლებლობები, გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში. ელექტროენერგიის საბითუმო ორგანიზებული ბაზრები 2021 წლიდან ამოქმედდება და საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.