გია ხუხაშვილი: დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენითაც მიიღებენ, რადგან ეს უპირველესად სახელმწიფოს ინტერესებშია

“დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენითაც მიიღებენ, რადგან ეს არის უპირველესად სახელმწიფოს ინტერესებში. ეს მოდელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მულტიპარტიული სისტემა დამკვიდრდეს და ძალაუფლების უზურპაციის საფრთხეს ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიოთ თავი”,- ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.

ხუხაშვილმა ინტერვიუში ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას საქმის შესახებაც ისაუბრა.

“დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე და მესამე მოსმენითაც მიიღებენ, რადგან ეს არის უპირველესად სახელმწიფოს ინტერესებში. ეს მოდელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მულტიპარტიული სისტემა დამკვიდრდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიოთ თავი ძალაუფლების უზურპაციის საფრთხეს. მოგეხსენებათ, ამ პროცესს დასავლეთი აქტიურად აზღვევს და სიურპრიზებს, ალბათ, აღარ უნდა ველოდოთ, თუმცა ამ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

რაც შეეხება ოპოზიციას, ვფიქრობ, “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილება სწორია. ეს მათი ტაქტიკის ნაწილია, მათ არ დააყენეს საფრთხის წინაშე მნიშვნელოვანი ცვლილებები და, იმავდროულად, დღის წესრიგში დატოვეს რურუას საკითხი. თითოეული ადამიანის ბედი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი კრიზისი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს აცილებული. ველოდები რურუას განმარტებას ციხიდან, სადაც ის პარტიებს მიმართავს, რომ მისი პირადი ბედი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს არ დაუკავშირონ. ეს მისთვისაც მომგებიანი პოზიცია იქნება… რაც შეეხება გაბუნიას, ვფიქრობ, რომ შეკვეთილი მკვლელობის კვალიფიკაცია არ არის სწორი. მიზანი არ იყო მხოლოდ გაბუნიას ლიკვიდაცია, უფრო მეტად ამის მიზანი იყო ჩვენს საზოგადოებაში შიშის დათესვა, აგრესიის გამოწვევა, დესტაბილიზაცია და მასშტაბური კრიზისის შექმნა. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობით, ამის კვალიფიკაცია უნდა იყოს არა შეკვეთილი მკვლელობა, არამედ ტერაქტი, რომლის მიზნებიც ერთი ადამიანის მკვლელობას მნიშვნელოვნად სცილდება.

ვილაპარაკოთ ფაქტებზე, ამისთვის დავსვათ კითხვები: 1. შექმნა თუ არა გაბუნიამ იმის საფუძველი, რომ რუსეთის ნახევრად კრიმინალურ ხელისუფლებას ეფიქრა შურისძიებაზე? – დიახ, შექმნა იმ ცნობილი განცხადებით, რომელიც შეურაცხყოფდა რუსეთის ხელმძღვანელობას. ამ განცხადების ფორმა და ტონი მეც არ მომეწონა. ვფიქრობ, რომ არა აქვს მნიშვნელობა სხვა იმსახურებს ამას თუ არა, ადამიანმა უპირველესად საკუთარ თავს უნდა სცეს პატივი და ასეთი ფრაზებით არ ილაპარაკოს. 2. შეიძლებოდა თუ არა ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას ჩაეფიქრებინა გაბუნიას დასჯა? – გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამგვარი განზრახვა შეიძლება ჰქონოდა. 3. მოვისმინეთ თუ არა კონკრეტული მუქარა რამზან კადიროვისგან, რომელიც ეჭვმიტანილია ამ ტიპის სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში? – დიახ, მოვისმინეთ. მოკლედ, ჩვენ თუ ამ მოვლენების ჯაჭვს შევხედავთ, გამოძიების დასრულებამდე მართალია ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, მაგრამ საკმაოდ ბევრი მიზეზია იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებისა და რამზან კადიროვის მხრიდან გაბუნიას მკვლელობის შეკვეთა ერთ-ერთ მთავარ ვერსიად განვიხილოთ. გამომდინარე იქიდან, რომ მე ამას ტერაქტად მივიჩნევ, ამ თემას აქვს 2 განზომილება.

ერთი – სისხლის სამართლებრივი, რაშიც ბუნებრივია ვერ ჩავერევით. ამ მიმართულებით ბევრი სპეციფიკური თემა შეიძლება იყოს, რაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხმამაღლა ვერ ითქმება… მეორე – პოლიტიკური განზომილებაა, რისი გამოცდილება ბევრ ქვეყანაში დაგროვდა უკვე. გავიხსენოთ “სოლსბერის საქმე”, გამოძიება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო, როდესაც ეჭვი მაღალი ალბათობით მიიტანეს რუსეთის ხელისუფლებაზე და ამის თაობაზე პოლიტიკური განცხადებები მეორე დღიდანვე კეთდებოდა. პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, რომ საჯაროდ ილაპარაკოს ვერსიებზე. ეს უნდა იყოს პოლიტიკური განხილვის თემა და აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ განცხადებებს, რომ თურმე უნდა დაველოდოთ გამოძიებას. არ მესმის ჩვენი ხელისუფლების დუმილის – მაინც, რას უნდა დაველოდოთ? თუ ვუშვებთ, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო და კვლავაც მოხდეს, პრევენციის ერთადერთი საშუალება ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი და საჯაროობაა.

​ხელისუფლება ცდილობს “ნაციონალურ მოძრაობასა” და სააკაშვილზე გააკეთოს მინიშნება და მას დასდოს ბრალი დესტაბილიზაციის სურვილში, თუმცა ამგვარი შეთქმულების თეორიის ადრესატი ხელისუფლებაც შეიძლება იყოს – არსებობს გარკვეული საკითხები, რის გამოც ვიღაცამ შეიძლება დაუშვას, რომ “ქართულ ოცნებასაც” აწყობს არეულობა… რუსეთს რომ აქ დესტაბილიზაცია ყველაზე მეტად შეიძლება აწყობდეს, არა მგონია, ამას დიდი მკითხაობა სჭირდებოდეს. გავიხსენოთ, პარალელურად გერმანიაში მიმდინარეობს ზელიმხან ხანგოშვილის საქმე. ამ ორი თემის პარალელურად განხილვა შეგვიძლია. მესმის, რომ ხელისუფლებას კაპიტულანტური განწყობები და რუსეთის ხელისუფლების ეგზისტენციალური შიში აქვს… კარგი, შეიძლება კრემლისკენ არ გაიშვირო ხელი, მაგრამ კადიროვზე, როგორც ღია მუქარის ავტორზე, ხომ უნდა თქვა რაღაც?! გარდა ამისა, ხანგოშვილის თემაზე ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, არადა, ხანგოშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. მის მკვლელობაში გერმანიის პროკურატურა პირდაპირ ბრალს სდებს რუსეთის ხელისუფლებას, ამაზე მერკელმაც გააკეთა განცხადება, საქართველოს ხელისუფლება კი გასუსულია.

ჭკვიანი ხელისუფალი ამ ვითარებას სათავისოდ გამოიყენებდა. საქმე ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგა ხანია დასავლეთის მხრიდან რუსეთთან რაღაც ტიპის ურთიერთობებშია ეჭვმიტანილი და ამაზე ზოგჯერ ღიადაც ლაპარაკობენ უკვე, შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” შეეძლო გაბუნიას საქმის მეშვეობით ჩამოერეცხა ეს იმიჯი. პირდაპირ კოზირი დააჭერინეს ხელში, რომ ამაზე აეგოთ, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური ალიბი, მაგრამ ამას არ იყენებენ, მეტიც, არანაირ განცხადებას არ აკეთებენ… რასთან გვაქვს საქმე? ასეთ ვითარებაში, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ან მძევალი ხარ რაღაცის და ამიტომ ვერაფერს ბედავ, ან უსაშველოდ მშიშარა ხარ”, – თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე – “20 ივნისს ერთი წელი გავიდა შარშანდელი მძიმე პოლიტიკური პროცესებიდან. როგორ შეიძლება შეფასდეს ამ გადასახედიდან მომხდარი?”, – პასუხობს:

“სამწუხაროდ, ისტორიული გამოცდილებიდან ჩვენ ვერაფერს ვსწავლობთ… უკვე რამდენჯერ ვნახეთ თავიდან თითქოს ხელისუფლება რეაგირებს რაღაც უკანონობაზე, თუმცა მერე ეს გადადის ძალის გადამეტებაში, საბოლოო ჯამში კი ძალის ბოროტად გამოყენებად იქცევა. არც ოპოზიცია გამოიყურება ხოლმე წელში გამოყვანილად, ისინიც მზად არიან, რომ გარკვეულწილად ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოაგონ. ეს მეორდება ისევ და ისევ… გავრილოვის პარლამენტში დანახვისთანვე აქცია დაიწყო სპონტანურად და თავიდან პოლიტიკოსებს ტრიბუნაზეც არ უშვებდნენ. ყველაფერი დაიწყო ანტისაოკუპაციო პროტესტით და პოლიტიკური მოთხოვნა იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აეღო პასუხისმგებლობა და გადამდგარიყო, მოგვიანებით მიემატა პროპორციული არჩევნების მოთხოვნა… საბოლოოდ ეს ორივე მოთხოვნა შესრულდა, გადადგომამ მოუწია კობახიძესაც, სახელმწიფოში აბსოლუტური ძალაუფლების პირისგან კი მოვისმინეთ საკონსტიტუციო ცვლილებების დაპირებაც, მერე ეს როგორ გადათქვეს, სხვა საქმეა, მაგრამ იმ ეტაპზე აქციის მოთხოვნები შესრულდა”,- განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები