რუსთაველის ფონდი ჩინეთის სოციალური მეცნიერების აკადემიის ორგანიზებულ გლობალურ ფორუმში ჩაერთო
საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ, ჩინეთის სოციალური მეცნიერების აკადემიის (CASS) მიერ ორგანიზებულ გლობალურ ფორუმში მონაწილეობა მიიღო. ფორუმში საქართველოს მხრიდან ასევე ჩინეთის კვლევების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ჯემალ ფუტკარაძე და თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ამილახვარი მონაწილეობდნენ.
რუსთაველის ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის დასკვნითი ნაწილი პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ, სამუშაო პანელის – Public Health – A New Priority to Global Governance ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და საქართველოში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევები, სამთავრობო რეგულაციები და განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების მუშაობა და ამ პროცესში სხვადასხვა ონლაინ პლათფორმების გამოყენების საკითხი მიმოიხილა. ამასთან, ზვიად გაბისონიამ, ფორუმში მონაწილე სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩთან – ლი იანთან წარმოებული აქტიური კომუნიკაციაა და სრული მზადყოფნა გამოთქვა უახლოეს მომავალში საქართველოსა და ჩინეთს შორის, ისტორიაში პირველად მეცნიერებისა და კვლევის მიმართულებით თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს.
აღნიშნული ფორუმის მიზანია მსოფლიოში COVID – 19 პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით გლობალური თანამშრომლობის გაძლიერება და როგორც ამ მიმართულებით თანამედროვე გამოწვევების განხილვა, ასევე პოსტ – COVID – 19 პერიოდში შესაბამისი პოლიტიკისა და ღონიძიებების მიმოხილვა. ფორუმი ჩატარდა დისტანციურ ფორმატში, რომელმაც უმასპინძლა მსოფლიოს წამყვან კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, ასევე სამეცნიერო პოლიტიკის მიმართულებით მოღვაწე ექსპერტებსა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს.