“ნაცმოძრაობის” მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის ჩვენს მოქალაქეებს კომპენსაციების სახით უკვე 2 მლნ ევრო აქვთ გადახდილი”
„ეს სკამები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას ეკუთვნის, მაშინაც, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანგარიშის მოსმენა კომიტეტების სხდომაზე გაიმართა და ახლაც ცარიელია – ეს ნამდვილად არ მიკვირს”, – აღნიშნულის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგში საქართველოდან საქმეების გადინება 80%-ით არის შემცირებული. მონაცემების მიხედვით, 2009 წელს სტრასბურგში გაგზავნილი იყო 20122 საქმე, ხოლო 20016 წლის მაგალითით – მხოლოდ 74 საქმე.
„ეს მასშტაბები და ეს ცვლილებები ყველაზე კარგად ასახავს იმ რეალობას, რა იყო და რა არის. ჩვენთვის ესეც არ არის საკმარისი, რადგან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი ბერკეტები და გარანტიები შევქმნათ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობა” 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული. მისივე თქმით, თუ ამას დაემატება ის საქმეები, რომელთა წარმოება 2003 წლამდე არის დაწყებული და 2012 წელს არის დასრულებული – მაშინ 87-მდე ავა ასეთი საქმეები.
„ამ შეფასებების დროს კარგად ჩანს ის ორმაგი სტანდარტი, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს. გავიხსენებ მათ ისტერიკას თუნდაც რუსთავი 2-ის საქმეზე, როდესაც მათთვის არასასურველი და ამავე დროს სამართლიანი შედეგი დადგა – როგორ ლანძღავდნენ სტრასბურგის სასამართლოს და მის მოსამართლეებს, რომელთაც “პუტინისგან მართულებს” უწოდებდნენ. ის ადამიანები, ვინც თითქოს პროდასავლურობას ქადაგებენ და რომელთაც თითქოს პროდასავლურ ძალად უნდათ საკუთარი თავი წარმოადგინონ, სინამდვილეში, ზუსტად იმ პუტინის რიტორიკას იმეორებდნენ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოზე შეფასებებს აკეთებდნენ. აქ კარგად ჩანს მათი რეალური სახე”, – განაცხადა ფრაქციის „ქართული ოცნება” თავმჯდომარემ.
მისი განმარტებით, კომპენსაციების სახით, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე ჩვენს მოქალაქეებს უკვე 2 მლნ. ევრო, 6 მლნ ლარზე მეტი აქვს გადახდილი, რაზეც მათ პასუხისმგებლობა არ აუღიათ.
„ამ საკითხზე ჩვენ ვნახეთ მათი არასერიოზული და კომიკური დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება სინამდვილეში სტრასბურგის სასამართლოს მიმართ კი არ არის, არამედ არის ადამიანის უფლებების მიმართ, რომელიც მათ ჰქონდათ და სინამდვილეში როგორიც შერჩათ დღეს. ეს საქმეები მრავალზე მეტყველებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვდეს, ვიცოდეთ იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს ბევრად უფრო უკეთესი, ბევრად უფრო დემოკრატიული. ჩვენი მიზანი არის, რომ მიღწეულ შედეგზე არასდროს გავჩერდეთ, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა იმსახურებს მუდმივ სიფხიზლეს, მუდმივ მონიტორინგს იმიტომ, რომ ხვალ ჩვენი შვილების უფლებები ბევრად უკეთ იყოს დაცული, ვიდრე – ჩვენი”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.