“დავითგარეჯი საქართველოს საზღვრის მცველი – მედიაგაშუქების ტენდენციები” – მარიამ ადამაშვილის მონოგრაფიის პრეზენტაცია ათენში
“დავითგარეჯი საქართველოს საზღვრის მცველი – მედიაგაშუქების ტენდენციები” – საბერძნეთში, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასიაში” თანამედროვე ქართველი მედია მკვლევარის, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, მარიამ ადამაშვილის მონოგრფიის პრეზენტაცია გაიმართა.
საღამო ათენის ქართული არქეოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელის, კლასიკური ფილოლოგიის დოქტორის, ავთანდილ მიქაბერიძის ორგანიზებით ჩატარდა.
პრეზენტაციას საქართველოს კონსული საბერძნეთში – მამუკა ჯამბაზიშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და თანამედროვე მედიის საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრო.
ნაშრომის რეცენზენტები არიან:
მამუკა არეშიძე – პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი, კავკასიისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი;
დეკანოზი შალვა კეკელია – ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი:
ვახტანგ ძაბირაძე – პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი.
წიგნში გამოყენებულია ფოტორეპორტიორ გია აბდალაძის ფოტოები.
ნაშრომში წარმოდგენილია დავითგარეჯის ისტორიულ-კულტურული და რელიგიური კომპლექსისა და მიმდებარე სასაზღვრო ზონის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ანალიზი და მედიის დისკურსში მისი გაშუქების ძირითადი ტენდენციები.
ღონისძიების დასასრულს მაყურებლის წინაშე წარდგნენ ათენში მოქმედი ქართული კულტურული ანსამბლები, რომლებმაც ქართული ფოლკლორისა და ტრადიციული მუსიკის კომპოზიციები შეასრულეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ათენის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი და სასწავლო სტუდია „კავკასია”, ასევე ათენის წმინდა ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური გუნდი და სასწავლო სტუდია.

მარიამ ადამაშვილის სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების კვლევა, განსაკუთრებით კრიზისულ ვითარებაში. ის აქტიურად არის ჩართული საქართველოში პოლიტიკური კრიზისებისას მედიის როლის, ასევე რელიგიური კრიზისებისა და ქართულ მედიაში რელიგიის საკითხების ეთიკირი გაშუქების ტენდენციების შესწავლაში.
მარიამ ადამაშვილი არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში.
მარიამ ადამაშვილის სამეცნიერო აქტივობა მოიცავს მონაწილეობას პრესტიჟულ ადგილობრივ და საერთაშორისო ფორუმებსა და მულტიდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციებში, სადაც წარმოაჩენს კვლევით საქმიანობას მედიის, რელიგიისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ურთიერთმიმართების საკითხებს.
ის ავტორია კიდევ ერთი მონოგრაფიისა – “მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში, საქართველო, 2003-2013”, რომლის პრეზენტაციასაც ლონდონში, დიდი ბრიტანეთის სამეფო აზიურმა საზოგადოებამ უმასპინძლა.