ახალგაზრდა მეწარმე და მეღვინე – ისიდორე უჩაძე მამაპაპისეულ სახლს ცაგერის სოფელ უცხერში 1998 წელს დაუბრუნდა და წინაპართა დიდი შრომის ფასად შექმნილ ოჯახს გაუძღვა. თავის კუთვნილ ფართობზე, სადაც ბაბუისა და მამის გაშენებული ვაზი ხარობდა, 400 ახალი ძირი ცოლიკოური ჩაყარა. ქალაქში, მაღალასართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე უშინაარსო ცხოვრებას საბოლოოდ გამოექცა და მთლიანად მევენახეობაზე გადაერთო.
“მომბეზრდა ქალაქში, მეცხრე სართულზე უშინაარსო ცხოვრების დღეები. ღვინის ჩამოსხმა და ვენახის მოვლის ანაბანა წინაპრებიდან მომდევდა, ისინი წელგამართული გლეხები იყვნენ და ვაზის ფასი ზედმიწევნით იცოდნენ, არ მინდოდა, ეს ტრადიცია დამეკარგა, ავდექი და წამოვედი“, – უყვება ისიდორე უჩაძე “რეგიონულ კვირას“.
უჩაძეების ეზოში ძველებური ქვევრები ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. ისიდორემ თავისი მარანი გააკეთა, საკუთარი დანაზოგი სახსრებით ღვინის ჩამოსასხმელი დანადგარები შეიძინა, შემდეგ სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ პროექტი წარადგინა და 5.000-ლარიანი თანადაფინასება მოიპოვა. ამ თანხით საჭირო ინვენტარის გამრავალფეროვნება შეძლო. მარანის მოწყობა რომ დაასრულა და საჭირო დანადგარები შეიძინა, ღვინის ჩამოსხმა დაიწყო, გამოფენებზე გაიტანა და წარმატების პირველ შედეგსაც არ დაუგვიანია.
“გამოფენებზე როცა გამქონდა, დეგუსტაციის შემდეგ, ყველა ყიდულობდა. ხანდახან ბოთლების რაოდენობაც კი არ მყოფნიდა, იმდენად დიდი იყო შესყიდვის მსურველი. მეოთხე წელია, წარმატებით ვყიდი „ისიდორეს მარნის ღვინოს“, – გვიყვება ახალგაზრდა მეღვინე.
ისიდორე თავისი ღვინის წარმატების ფორმულაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ფართობის გეოგრაფიული განლაგებაა.
“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფართობის გეოგრაფიულ განლაგებას, სადაც ვენახია გაშენებული. ჩემი ვენახები ზღვის დონიდან, დაახლოებით, 850 მეტრზეა გაშენებული – სამზიანო ადგილასა და ისტორიულ გარემოში. ამ ადგილს “ბატონების ნასახლარი” ეზოც ჰქვია. მოგეხსენებათ, ადამიანების ამ ფენას, თავის დროზე, ყველაზე კარგი ადგილები ეკუთვნოდათ, ეს ფაქტორი ღვინის საუკეთესო ბუკეტს განაპირობებს, დამზადებასაც ინდივიდური პიროვნული დამოკიდებულება სჭირდება, ისეთი, რომელიც წინაპრებიდან მომყვება. მე ჩემს ღვინოს ევროპულად ვაკეთებ, ამას ლეჩხუმში „შუმად“ გამოშვებულ წვენს ეძახიან“, – გვიხსნის მეღვინე.
ისიდორეს სეზონზე 2 ტონა მწვანე ლეჩხუმური “ცოლიკოური” მოჰყავს და 800 ლიტრამდე ღვინოს ბოთლებში ასხამს. მის მიერ წარმოებულ პროდუქციას უკვე ბაზარზეც იცნობენ. მეღვინე გაჩერებას არ აპირებს და ევროპის ბაზარზე გასვლას გეგმავს. უნდა, ბიზნესი გააფართოოს. ახალი ნერგების ნაწილი უკვე იყიდა, ნაწილს მომავალში შეიძენს და ღვინის ჩამოსხმასაც გაზრდის.
ახალგაზრდა მეწარმეს სოფლის უგზოობა აწუხებს – “უგზოობის გამო, მარანი სრულყოფილად ვერ მოვაწყვე. ელემენტარულად, მასალები ვერ ამოვიტანე, გზა არ გვაქვს, ახლა გვეუბნებიან – გაკეთდებაო. დიდი იმედი მაქვს, მარტო დაპირება არ იქნება. თუ გზა და წყალი გვექნება, უცხერი არაა ის სოფელი, კაცმა ზურგი აქციოს და აქედან გაიქცეს“.
ამბობს, რომ პანდემიამ, როგორც ბევრ მეწარმეს, მასაც გეგმები აურია. დაგეგმილი ფესტივალები არ ჩატარდა, მყიდველთა რაოდენობამაც იკლო, მაგრამ ახლა იმედი გაუჩნდა, რადგან ღვინის შეძენის მსურველებმა ნელ-ნელა შეხმიანება დაიწყეს.
მარინე სვანიძე