თენგიზ ცერცვაძე “უნებლიე შეცდომის შესახებ” განმარტებას აკეთებს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად კორონავირუსის ანტისხეულები 1000 კაციდან 6-10%-ს დაუდასტურდა, განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ უნებლიე შეცდომა დაუშვა და რაოდენობის ნაცვლად პროცენტული მაჩვენებელი დაასახელა.

მისივე თქმით, კვლევაში ჩართული 1000 ადამიანიდან ანტისხეულები, რეალურად, 6 ადამიანს აღმოაჩნდა.

“გუშინ “კავკასიის” ეთერში ვთქვი, რომ ჯანმრთელ მოსახლეობაში ვატარებთ მცირე კვლევას 1000 კაცზე, ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგები საბოლოოდ, ჯერჯერობით, შეჯამებული არ არის, მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე, ტექნიკური შეცდომა, როცა ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10 პროცენტი, უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური. ჩვენ კვლევაში ჩართული 1000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი. კვლევა ჩავატარეთ თბილისის ჯანმრთელ მოსახლეობაში, გამოვიკვლიეთ 1000 ადამიანი და 6 ადამიანს აღმოაჩნდა “კოვიდ-19-ის” ანტისხეულები. კვლევა ჩატარდა სწრაფი მარტივი ტესტით და არა პისიარით. ეს არ ნიშნავს, რომ ეს 6 კაცი არის ავადმყოფი, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ისინი არიან სეროპოზიტიურები, ანუ მათ აქვთ ანტისხეულები. მსგავსი კვლევა ტარდება მთელ მსოფლიოში, რათა დაადგინონ თუ რა შეფარდებაა ავადმყოფების რაოდენობას, რომელიც პისიარ ტესტით დგინდება და სეროპოზიტიური ადამიანების რაოდენობას შორის, რომელიც სწრაფი ტესტით დგინდება. ვიმეორებ, ჩვენთან 1000 გამოკვლეული ადამიანიდან ანტისხეულები აღმოაჩნდა 6 ადამიანს, ეს, დაახლოებით, გამოკვლეულების 0,6 პროცენტია. ეს შედეგები მუშავდება, დამუშავებას თავისი წესები აქვს. შეიძლება, ეს პროცენტი ცოტათი შემცირდეს ან ცოტათი მოიმატოს”, – განმარტა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები