მეუფე ანტონი: 25 მილიონი სამ მილიონ მოსახლეზე 0.59 თეთრია, არ გრცხვენიათ? რას გვაყვედრიან?

„დაფიქრდით, 25 მილიონი სამ მილიონ მოსახლეობაზე თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხენიათ, რას გვაყვედრიან?“, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის განცხადებაშია ნათქვამი.

მეუფე ანტონი აცხადებს, რომ ეკლესია ქვეყნისთვის უფრო მეტს აკეთებს.

„ქადაგებაში ყურადღება გავამახვილე იმ ორკესტრირებულ შეტევაზე, რომელიც კარგა ხანია, წამოიწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილმა მედიის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების ე. წ. ნჯო-ების გარკვეულმა ნაწილმა, წვრილ-წვრილ და პატარ-პატარა ეკლესიის მოძულეებმა ე.წ  აბიჟნიკებმა.
გულნატკენმა აღვნიშნე, რომ ეყოფათ ამდენი ზიზღის თესვა მოსახლეობასა და ახალგაზრდებში !!!
ნეოკომკავშირლებისა და ნეოკომუნისტების იდეებით შეპყრობილების უგუნურება ყველა საზღვარს ცდება ….
ერთხმად რომ გაიძახით, სახელწიფო წინასაარჩევნოდ გვყიდულობს ეკლესიასო, თუ ამ უნიჭო ბრალდებისა გჯერათ, გამოდის და აღიარებთ, რომ ჩვენ – ეკლესიას გარკვეული „წონა“ და ზეგავლენა გვქონია. ჰოდა, თუ ასეა გეკითხებით, ჩვენთან მეგობრობა გირჩევნიათ თუ მტრობა! აღვნიშნე, გონიერნი რომ იყოთ, იტყოდით, რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე და მიწები, ისინი ხომ ამ ტყეს არ გაასხვისებენ (მინიმუმ, უცხოელებზე) და ეს ტყის ფონდი ხომ ქვეყანას შეუნარჩუნდება.
ასეთი ნდობის გამოხატვით ხომ უფრო მეტს დაგვავალებდით…
მინდა ვიკითხო, რა მნიშვნელობა აქვს, ეს ტყე სახელმწიფოსი იქნება თუ – ეკლესიის, პატიოსან მოქალაქეებსაც მინდა ვკითხო, რა მნიშვნელობა აქვს – სახელმწიფო განკარგავს თუ ეკლესია იმას, რაც მათი პირადი საკუთრება არაა…
თუ იტყვით რომ ეკლესია გაყიდისო ამ ქონებას, სახელმწიფო რა, რაიმე გარანტი გაქვთ, რომ არ გაყიდის?
უნებლიედ ჩნდება გონივრული ეჭვი, ალბათ, ოპოზიცია ფიქრობს,  ჩვენ რომ მოვიდეთ სათავეში, არაფერი დაგვრჩება ხელმოსათბობათო – ასე ვიფიქროთ ?
აღვნიშნე რომ, ზოგადად, კაცს ცოლი იმიტომ მოჰყავს, რომ ოჯახი შექმნას, შვილები მოუვლინოს და გაუზარდოს ქვეყანას….. მაგრამ ჩნდებიან მუდამ ყველაფრით უკმაყოფილონი, რომელნიც უჩიჩინებენ ქალებს – კაცებს ცოლად იმიტომ მოყავხართ, რომ საჭმელები გაკეთებინონ, გიხმარონ რათა ჭურჭელი და მათი საცვლები გარეცხინონ… და მსგავსი, არანაირი მაღალი იდეალები… სწორედ ასე მოქმედებს ეს კრებული. არავითარი იდეალები, არავითარი დაფასება, მხოლოდ ნეგატივის ძებნა, მსგასად ბუზისა, რომელიც მინდვრის ველზე მხოლოდ ნეხვს ეძებს…
მათ შემხედვარეს უკვე ევროატლანტიკური ფასეულებებზე გადახედვის სურვილი მიჩნდება..
აგერ ლგბტ-ბი მიიღეთ, ეს მათი პირადი ფუნდამენტური უფლებააო.
პირადი თავისუფლება, უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლობააო…
ამ უმრავლესობას კი არ უნდა ჰქონდეს ფუნდამენტური პირადი უფლება!
აგერ, რად აფინანსებენ საპატრიარქოსო.. 25 მილიონი რომ გაადიდოთ, 17 წლის ნამრავლით წარმოაჩენენ..
დაფიქრდით, 25 მილიონი სამ მილიონ მოსახლეობაზე თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხენიათ, რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ უკეთებს?
მაშინ, როცა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს.
თქვენ იცით ჩემი შეხედულებანი ევროპაზე, პირველად ჩვენთან ეპარქიაში ჩემი კურთხევით ჩამოყალიბდა ევრო კლუბი- სურიონი, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა არა მარტო ეცნობა, არამედ მათ შეხედულებებს ევროპისეულ ღირებულებებზე უზიარებს რაიონის ახალგაზრდობას, ჩვენი მოსწავლეები არიან ახალგაზრდა ევროპარლანამენტის წევრები, არ გავაგრძელებ მათი წარმატებების შესახებ, მინდა, მხოლოდ ვთქვა, ჩვენი დედა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილნი ძალები ფინანსდებიან და მათ მხარს უჭერს ევროპა და ამერიკა. ეს ძალები ასევე აქტიურად არიან ჩართულნი ლგპტ-ების მხარდასაჭერ ღონისძიებების ჩატარებებში და მრავალი სხვა. ხომ არ კეთდება აქედან ის დასკვნა, რომ მათ ეკლესიის ლანძღვა-გინებაში მხარს უჭერს ისინი, ვისგანაც სულდგმულობენ.
ეს ძალა ყველაფერს აკეთებს,  ჩვენ გვაფიქრებინოს, რომ ესაა ევროატლანტიკური ღირებულებები და ასეთ ფასეულებეს გავემიჯნოთ.
თუ დღეს ეკლესიაში არის სასულიერონი, მრევლი, რომელთაც ვიცით ევროპული ღირებულებები, ნელ-ნელა გვრცხვენია თქვენს მაგიერ და ვეღარ ვცემთ პასუხს რუსულ ნარატივებს… შემდეგ გიკვირთ ეკლესიისაგან ევროპისა და ამერიკის დემონიზაცია.

უნებლიედ ფიქრობ, რომ კომუნისტური მარწუხებისაგან განთავისუფლებულებმა და ეიფორიაში მყოფებმა, ალერსით გაბრუებულებმა და საკენკით მიტყუებულებმა, შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა, რადგან ეს გზა ჩვენი ლანძღვა-გინების, დისკრედიტიზაციისა და მომავალი თაობების ეკლესიისადმი ზიზღით აღზრდისკენაა მიმართული.
ნუ გვაფიქრებინებთ, რომ თვალახელილებმა ხელახლა გადავსინჯოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.. შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი, გვინდა თუ არა იმ ღირებებულებითა და ფასეულობებთ ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციებისა და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულელყოფაა….
თქვენ თქვენი უგუნურებით არა მარტო ეკლესიის მტრები და მოძულენი ხართ, არამედ ვისგანაც სულდგმულობთ, მათიც“, – ნათქვამია მეუფე ანტონის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები