ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში სულ ჩატარებულია 48 290 PCR კვლევა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 48 290 PCR კვლევაა ჩატარებული.

„დილის მონაცემებით, გვაქვს სულ 723 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული, რომელიც გამოვლინდა 45 707 გამოკვლეული ე.წ. შესაძლო შემთხვევიდან. სულ ქვეყანაში ჩატარებულია 48 290 PCR კვლევა, ლაბორატორიული კვლევები გაცილებით მეტია, სწრაფ ტესტებსაც თუ ამას მიამატებთ, დაახლოებით, 5-დან 10 ათასამდე გაიზრდება ეს რაოდენობა.

ზოგადად, ყველაზე დაძაბული სიტუაცია ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა ქვემო ქართლის რეგიონში და კერძოდ, სამ მუნიციპალიტეტში: ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. მთლიანად ამ სამ მუნიციპლაიტეტზე მოდის 36% მთელი ინფიცირებულებისა ქვეყანაში და ყველაზე მაღალი ახალინფიცირებულთა მაჩვენებლი გვაქვს ბოლნისში  161 და ინდიკატორი 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, ყველაზე მაღალი სწორედ იქ არის, შემდეგ მოდის თეთრიწყარო და მარნეული. თეთრიწყაროში იყო 58 ინფიცირებული და ბევრი უკვე გამოჯანმრთელდა, მარნეულში 38“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ცხელ წერტილად რჩება ბოლნისის ორი სოფელი – მუშევანი და გეტა.

„გეტაში ჩვენ მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიეთ. ეს არ არის დიდი სოფელი, დაახლოებით, 400-მდე ადამიანია. გამოვიკვლიეთ 320 ნიმუში და 18 დადებითი იყო ანუ 7% იყო დადებითობის მაჩვენებლი. ყველა გადაყვანილია საავადმყოფოებში და მიმდინარეობს მკურნალობა. რაც შეეხება სოფელ მუშევანს, ეს უფრო მოზრდილი სოფელია და აქ ჩვენ გამოვიკვლიეთ 522 ადამიანი დღემდე. სულ არის 700-მდე მოსახლე. დამყოლობა არ იყო ძალიან მაღალი, ანუ აქტიურად არ თანამშრომლობდნენ გამოკვლევებზე, მაგრამ დავარწმუნეთ და დღესაც გრძელდება ეს. იქ 55 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, ანუ 10%-ში გვაქვს დადებითობა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გავაქვს სწორედ სოფელ მუშევანში. 12 სიკვდილიდან 3 გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, სოფელი მუშევანი და გეტა ჩაკეტილი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები