საფრანგეთში მკაცრი საკარანტინე ზომები თანდათან სუსტდება
საფრანგეთში დღეიდან მკაცრი საკარანტინე ზომების შესუსტება დაიწყო.
BFMTV-ს ინფორმაციით, დღეიდან იხსნება სავაჭრო საწარმოები – რესტორნების გარდა, ასევე, მცირე ზომის მუზეუმები და ბიბლიოთეკები, თუმცა უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით.
ამასთანავე, ყველა იმ დასაქმებულს, რომლის საქმიანობის სფერო დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
დღეიდან, ასევე, აღარ არის სავალდებულო სპეციალური დოკუმენტის ტარება, სადაც სახლიდან გასვლის მიზნობრიობაა ჩაწერილი.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ.ნიღბების რეჟიმია დაწესებული.
რეგიონების უმრავლესობაში პარკებში სეირნობაა დართული, თუმცა პარიზში – ჯერ არა.
ასევე, ეტაპობრივად ამუშავდება საბავშვო ბაღებისა და სკოლების დამწყები კლასები. დღეიდან სამსახურში გავიდნენ მასწავლებლები, რომ უკვე ხვალიდან მოსწავლეების მისაღებად იყვნენ მზად. კლასებში მხოლოდ 10 ბავშვის ყოფნა იქნება დაშვებული.