“ჯანმო-ს ყველაზე დიდ კვლევაში საქართველოს მონაწილეობა ნიშნავს, რომ შორიდან კი არ ვუყურებთ მოვლენებს, არამედ ავანგარდში ვართ”
“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იწყებს ყველაზე დიდ კვლევას, რაც კი აქამდე ჩატარებულა და მასში საქართველოც მონაწილეობას”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, კვლევაში, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ატარებს, მონაწილეობენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის საფრანგეთი, ესპანეთი, კანადა, პორტუგალია, ბელგია, შვეიცარია, ნორვეგია.
„ამ ქვეყნების პირველ ხარისხოვნებაში და უმაღლეს დონეში მგონი, ეჭვი არავის ეპარება. ახლა შვეიცარიაზე, საფრანგეთზე, კანადაზე უფრო მაღალი დონის ქვეყნები არ ვიცი, რომელია. საქართველოსთვის დიდი პატივია, რომ ამ 20-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შემოგვთავაზა საქართველოს კვლევა, ეს მათ შემოგვთავაზეს, ჩვენ არ გვითხოვია. საქართველოდან ექვსი კლინიკა იქნება ჩართული. ამ კვლევაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ ხარ პროცესების ავანგარდში. რა მნიშვნელობა აქვსო, ამბობენ, როგორ არ აქვს მნიშვნელობა – მსოფლიოში რომ ასეთი რაღაცები ხდება და შენ სადღაც შორიდან კი არ უყურებ, რაღაც მაჩანჩალას როლში, შენ ამის მონაწილე ხარ. საქართველო ავანგარდშია, თავად იქნება მონაწილე ამისა. საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება დღეისთვის საუკეთესოდ მიჩნეული ოთხი მედიკამენტი. ეს არის „რემდესევირი“, „პლაქვენილი“, „ლოპინავი-რიტონავინი“ და პლუს „ინტერფერული ბეტა“. აქედან ორი მედიკამენტი, „ინტერფერული ბეტა“ და „რემდესევირი“ ჯერ საქართველოში არ ყოფილა. რომ არა ეს კვლევა, კიდევ კარგა ხანს ვერ იქნებოდა, რადგან მთელი მსოფლიო ამ მედიკამენტების რიგში დგას.
ამ მედიკამენტების მიღება ყველა ავადმყოფისთვის ნებაყოფლობითი იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.