„ჩინეთში ახალი კორონავირუსი ინფიცირებული მამაკაცების სპერმაშიც იპოვეს“
COVID-19-თან დაკავშირებულ ბოლო კვირის რამდენიმე სიახლეს აქვეყნებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ექიმი ქეთი შავლიაშვილი.
„FDA -მ დაამტკიცა COVID-19 -ის ახალი სადიაგნოსტიკო ტესტი, რომელიც საშუალებას იძლევა, სახლის პირობებში მოხდეს ნერწყვიდან ნიმუშის აღება, რომელიც შემდეგ ლაბორატორიაში გაიგზავნება შესამოწმებლად.
გასული კვირის განმავლობაში, უფრო მეტი მტკიცებულება გამოჩნდა იმის შესახებ, რომ ჰიდროქსიქლოროქვინის გამოყენება COVID-19 -ით დაავადებულ პაციენტებში QT ინტერვალის გახანგრძლივებას (გულის რითმის დარღვევა) უკავშირდება.
შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებულმა კვლევამ, რომელიც 1400 პაციენტზე ჩატარდა, დაადგინა, რომ ჰიდროქსიქლოროქვინის გამოყენება არ ამცირებს ინტუბაციის და სიკვდილიანობის რისკს COVID-19 -ით დაავადებულ, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.
ნიუ-იორკში, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, დაფიქსირდა ბავშვებში COVID-19-თან დაკავშირებული მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევები.
ჩინეთში მკვლევრებმა ახალი კორონავირუსი ინფიცირებული მამაკაცების სპერმაშიც იპოვნეს, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, გადაეცემა თუ არა ვირუსი სქესობრივი გზით.
გერმანიაში COVID-19 -ით დაავადებული 12 პაციენტის აუტოფსიის საფუძველზე ჩატარებულმა მცირე კვლევამ, ნახევარზე მეტ შემთხვევაში ორივე კიდურის ღრმა ვენური თრომბოზი აღმოაჩინა.
285 პირზე ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ COVID-19-ის გადატანის შემდეგ ყველა გამოიმუშავებს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. თუმცა გასარკვევია, რამდენად იცავენ ეს ანტისხეულები ადამიანს და რამდენ ხანს რჩებიან ისინი ორგანიზმში.
FDA-მ დაამტკიცა COVID-19 -ის ვაქცინის, სახელად mRNA-1273, კლინიკური კვლევების მეორე ფაზა, რომელშიც 600 პირი მიიღებს მონაწილეობას“, – წერს ქეთი შავლიაშვილი.