ხათუნა ლაგაზიძე: მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ტურისტული ნაწილი ტურიზმის ინდუსტრიის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ტურისტული ნაწილი ტურიზმის ინდუსტრიის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„მიუხედავად მოსმენილი ქილიკისა, ამჯერად, როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი, ვამბობ, რომ მთავრობის წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ტურისტული ნაწილი ტურიზმის ინდუსტრიის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შეიძლებოდა, გვესაუბრა იმაზე, მაგალითად, სასტუმროს საბანკო პროცენტის გადახდას ხომ არ ჯობდა, ვთქვათ, დამატებითი ღირებულების გადასახადი დაეტოვებინათ ბიზნესისთვის; აუცილებლად კარგად გასაანალიზებელია კორონასგან უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია, რაზეც დღეს ასევე საუბრობდნენ – ხომ არ გამოვა ისე, რომ მხოლოდ გარკვეული კურორტები მიიღებენ კორონასგან უსაფრთხო ზონების სტატუსს, რაც ავტომატურად დანარჩენი კურორტების გაკოტრებას გამოიწვევს, ხომ არ გვექნება ამ შემთხვევაში საქმე გარკვეულ პროტექციონიზმთან და ა.შ. ამ და სხვა თემებზე საუბრისა და მსჯელობის დრო კიდევ იქნება. მთავარია, რომ ის ნაბიჯები, რაც უკვე დაანონსდა, ტურიზმის სექტორისთვის უდავოდ კარგია.
მთლად საღ აზრს მოკლებულია მოსაზრებები, რომ რა საჭიროა ტურიზმის სექტორის გადარჩენა, როცა აღმოჩნდა, რომ ის ასეთი მოწყვლადია გამოწვევების წინაშე: დღეს ტურიზმია გადასარჩენი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ღერძი და შესანარჩუნებელია ტურიზმში არსებული სამუშაო ადგილები. ხვალ კი ნამდვილად საფიქრალია ეკონომიკის ახალი, ტექნოლოგიური სფეროების განვითარებასა და ხელშეწყობაზე.
P.S. მთავარი ახლა ის არის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აპოკალიპტურ-არაადეკვატური გადაწყვეტილებების კვალდაკვალ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეგულაციები არ იქნება რეალობასა და საღ აზრს აცდენილი და არ იქნება გამოყენებული ადამიანებზე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების განხორციელების ბერკეტად“, – წერს ლაგაზიძე „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები