ამირან სალუქვაძე: სოციალურ ქსელში თავხედობა, უტაქტობა, დევნა “ტროლებისა” და “ბოტებისგან” არ უნდა გაგვიკვირდეს, მათ ასეთი ამოცანა აქვთ
“ნორმალური ადამიანები, ნებისმიერ მწვავე თემაზე, რა პოლიტიკურ პლატფორმაზეც უნდა იმყოფებოდნენ, ჯანსაღად, ეთიკის ნორმების ფარგლებში მსჯელობენ”, -ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და “ტროლებისა და “ბოტების” მნიშვნელობას განმარტავს.
“ბოტები”, “ტროლები”…
რაღამც ყველას აკერია, განვმარტოთ, რადგან ძალიან ბევრი იყენებს არასწორად:
“ბოტი”, “ინტერნეტბოტი”, – სპეციალური პროგრამა, რომელიც ავტომატურად ასრულებს გარკვეულ მოქმედებებს;
ფეიკ/ცრუ გვერდი – ცრუ ვინაობას ან რაიმე ცრუ ორგანიზაციის სახელს ამოფარებული გვერდი;
”ტროლინგი” – სოციალურ სივრცეში ქცევის გარკვეული ფორმა, წესი. კერძოდ – დაცინვა, პროვოცირება, წაქეზება, დევნა, მსჯელობის გადატანა სხვა საკითხზე და ა.შ.
“ტროლი” – შეიძლება, იყოს როგორც რეალური ვინაობის მქონე, ასევე, ცრუ გვერდი ან “ბოტი”, რომელიც “ტროლინგითაა” დაკავებული.
შესაბამისად, როცა ვაწყდებით სოციალურ ქსელში თავხედობას, უტაქტობას, დევნას, პროვოცირებასა და მსგავს უმსგავსო (მსგავსი უმსგავსო მომეწონა) ქმედებებს, არ უნდა გაგვიკვირდეს, მათ ასეთი ამოცანა აქვთ”, – წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.