“ვეტინგი არის სისტემა, როდესაც უცხოელები გინიშნავენ მოსამართლეებს; ესაა მთავარი, რასაც უნდათ მიაღწიონ, ამაზე უარი კი არის სწორედ ის, რაც იწვევს კრიტიკას” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი “კურიერი P.S.-თან” ინტერვიუში ევროკომისიის ანგარიშზე ისაუბრა და  გაიხსენა, თუ როდის გაჟღერდა პირველად გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის მოთხოვნა.

“პირველად ეს სურვილი გაჟღერდა შარლ მიშელის დოკუმენტში, 2021 წელს. ევროკავშირის ოფისში იყო შეხვედრა. ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი, აშშ-ის ელჩი და, ასევე, შარლ მიშელის წარმომადგენელი, როდესაც გადმოგვეცა პირველი ვერსია საკითხებისა, რაზეც შეიძლება შეთანხმება ყოფილიყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. როდესაც გადავიკითხეთ ეს ვერსია, იქ ეწერა – გენერალური პროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით და მე იქვე დავსვი კითხვა, ვისგან მოდის ეს მოთხოვნა? – პასუხი ვერ მივიღე, სიჩუმე იყო ამის პასუხი.

უნდა შევხედოთ იმას, თუ რას ითხოვენ საქართველოსგან, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და მივდივართ ერთ საკითხთან, რომელსაც არ ეშვებიან, ეს არის “ვეტინგი,” სისტემა, როდესაც უცხოელები გინიშნავენ მოსამართლეებს. ეს არის მთავარი, რასაც უნდათ მიაღწიონ და ამაზე უარს, როდესაც ვეუბნებით, განსხვავებით უკრაინისგან და მოლდოვისგან, რომელთაც უნიშნავენ მოსამართლეებსაც და პროკურორებსაც, ამაზე უარი არის სწორედ ის, რაც იწვევს კრიტიკას. თუნდაც “რუსთავი 2-ის” საქმე რომ ავიღოთ, 5 წელი, მათ შორის, ევროკავშირი აფინანსებდა სხვადასხვა დაქირავებულ “ენჯეოს,” იმისთვის, რომ ამ საქმის გამოყენებით ყოფილიყო თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მთელი ეს დახარჯული ფული, მთელი ეს კამპანია, ყველაფერი იყო ტყუილი და არ გამოჩნდა არცერთი პოლიტიკოსი, რომელმაც ბოდიში მოიხადა. ხომ საბოდიშო აქვთ “რუსთავი 2-ის” საქმეზე, საბოდიშო აქვთ მელიას, გვარამიას, სააკაშვილის, სხვა საქმეებზე. ნაცვლად ბოდიშისა, კვლავ უტიფრად ვხედავთ პრეტენზიებს. სიმართლე აქაც ძალიან მარტივი არის და ხელისგულზე დევს, სინამდვილეში, ამ პრეტენზიების მიზანი არის ის, რომ თავს მოგვახვიონ სისტემა, რომლითაც საქართველოში მოსამართლეებს დანიშნავენ გარედან და მართლმსაჯულება იქნება ლოიალური სხვა ქვეყნების თუ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ და არა სახელმწიფოს მიმართ,” – განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები