„ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, თუ როგორ ბეჯითად ასრულებდნენ ბრიუსელიდან წამოსულ დავალებებს ის ჯგუფები, რომლებიც აორგანიზებენ საპროტესტო აქციას ხვალინდელი დღისთვის,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ ოპოზიციის მიერ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას გნაცხადა.
მისივე თქმით, აქცის მონაწილეებმა უნდა გადახედონ თავიანთ მისწრაფებებს და იდეას, რისთვისაც იბრძვიან.
„რამდენადმე წელია ვუყურებთ, გარკვეული ჯგუფები შეიკრიბებიან, გამოვლენ ქუჩაში, გამოხატავენ გარკვეულ პროტესტს, თუმცა მათთვის სარგებელი ამ ყველაფერს არ მოაქვს. არავის არ უნდა რუსეთი, ჩვენ გვინდა მხოლოდ ერთი რამ, ყველამ გაიგოს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ პირველ რიგში თითოეული ქართველი უნდა იცავდეს საქართველოს ინტერესებს. გამორიცხულია შანტაჟის ენით საქართველოსთან საუბარი, გამორიცხულია ხელის გადაგრეხით საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარი.
თუ ამ ადამიანების მიზანი და მოტივი არის ის, რომ შეარყიონ ჩვენი ხელისუფლების პოზიციები თავიანთი გამოსვლებით. უნდა გადახედონ თავიანთ მისწრაფებებს და იდეას, რისთვისაც იბრძვიან. ისინი არასწორი მიმართულებით მიდიან და მე დარწმუნებული ვარ ხვალინდელი დღე კიდევ იქნება ნათელი მაგალითი, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია საქართველოში და განწირულია კიდევ ერთი მარცხისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.