დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორმა, პატრიკ მორისიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონში სროლის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის წევრები საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.
„დიდი მწუხარებით ვადასტურებთ, რომ ვაშინგტონში დღეს დაჭრილი დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის ორივე წევრი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა“, – დაწერა მან სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.
მანამდე, ვაშინგტონის პოლიციამ თეთრი სახლის მახლობლად სროლის შესახებ, მოგვიანებით კი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ განაცხადა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონის ცენტრში მომხდარი სროლის შესახებ ინფორმირებული იყო. ის იმ დროს თეთრ სახლში არ იმყოფებოდა.
თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი, რომელმაც ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის წევრებს ესროლა, მძიმედ დაიჭრა.