“ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დღევანდელ მმართველ ელიტას ბრიუსელში მოუწევს ცოტა ხანში საკუთარი სკამების დატოვება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთანავე” – ბიძინა გიორგობიანი

“ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დღევანდელ მმართველ ელიტას ბრიუსელში მოუწევს ცოტა ხანში საკუთარი სკამების დატოვება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთანავე”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა განუცხადა.

ის გამოეხმაურა საკითხს, რომლის თანახმად, ევროკავშირის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ბლოკის ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარებული.

„ჩვენთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს ცივილიზაციურ საფუძვლებს პირდაპირ არყევს და მიუღებელია. ასევე მიუღებელია სამხრეთ ევროპის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის ტრადიციული საზოგადოებების ქვეყნები – იქაც არ იქნება ადვილი ამის მიღება. ბევრი სხვა მომენტიც არის აქ, რომელიც ევროკავშირის შიგნით დაძაბულობას წარმოქმნის. ფაქტობრივად ბრიუსელის დიქტატის ქვეშ მოექცა ევროკავშირის ისეთი დიდი სახელმწიფოები სამხრეთ ევროპაში, როგორიცაა იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი.

სხვათა შორის, პოლონეთთან დაკავშირებით გამოქვეყნდა დღეს სასამართლოს დადგენილება, რომელიც პოლონეთს ავალდებულებს გეი-ქორწინებები, რომლებიც ევროკავშირის იმ ქვეყნებში რეგისტრირდება, სადაც ეს მიღებულია, პოლონეთმაც აღიაროს. როდესაც ასეთი მიდგომაა და ასეთი დამოკიდებულება მოდის ბრიუსელიდან წევრი ქვეყნებისთვის, ნუღარ გაგვიკვირდება, რომ კანდიდატ ქვეყნებთან მათ ჰქონდეთ ისეთი დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დღევანდელ მმართველ ელიტას ბრიუსელში მოუწევს ცოტა ხანში საკუთარი სკამების დატოვება ომის [რუსეთ-უკრაინის] დასრულებისთანავე“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები