ნადარეიშვილი: ნებისმიერი სპეკულაცია, რომ სახელმწიფო შევიდა ბიზნესში, არის ნამდვილად ღიმილისმომგვრელი; ბიზნესის მართვას განახორციელებს „იგლ ჰილსი“, ეს მათი პრეროგატივაა

“როგორც ცნობილია საზოგადოებისთვის, ეს არის ის პარტნიორობა, როდესაც სახელმწიფო არის ერთობლივი კომპანიის პარტნიორი. 33,33% სახელმწიფოს აქვს ამ კომპანიაში”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტზე საუბრისას განუცხადა.

„მოლაპარაკებები 9 თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ, როგორც ეკონომიკის სამინისტრომ, ასევე იუსტიციის სამინისტრომ. გვყავდა ძალიან ძლიერი საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც მხარდაჭერას უწევდა ამ პროექტის მიმდინარეობას მოლაპარაკებების ნაწილში. ვფიქრობ, რომ ასეთი მოდელი მომავალში სხვადასხვა პროექტისთვის ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს, მათ შორის ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტისთვის, სადაც ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მონაწილეობა.

ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს, დაახლოებით 2 წლის წინ სახელმწიფოს მონაწილეობით საქართველოსა და რეგიონში პირველად შემოვიყვანეთ ამერიკული ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი, რაც რთული და წარმოუდგენელი იყო. სახელმწიფო მონაწილეობს ამ პროექტში, როგორც პასიური ინვესტორი და სახელმწიფოს მონაწილეობამ განაპირობა ის, რომ დანარჩენი ინვესტორები არის სრულად კერძო სექტორი, მათ შორის ძალიან მაღალი კლასის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ამერიკული აქტივების მმართველი, რომელიც ტოპ ხუთეულში შედის.

ჩვენი როლი ამ შემთხვევაშიც არის პასიური. ბიზნესის მართვას განახორციელებს „იგლ ჰილსი“, ეს მათი პრეროგატივაა, თუმცა სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ყველა დონეზე, მაგალითად სამეთვალყურეო საბჭოში, მმართველობით მენეჯმენტის რგოლში, მაგრამ პასიური ფორმით. ამავე დროს უზრუნველვყავით ის, რომ არის საკითხები, სადაც გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, ამიტომ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გარკვეული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები