პროკურორი: ექსპერტიზის დასკვნით, ღობეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება და არ აღენიშნება ჭრის კვალი
ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ღობეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ღობეს არ აღენიშნება ჭრის კვალი, – ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა საქმის პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, სადაც ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ნათლად ჩანს.
„სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი გახლავთ მტკიცებულება, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. კონკრეტულად ღობესთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ღობეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ღობეს არ აღენიშნება ჭრის კვალი. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტი ბრალდების მხარეს შეყვანილი ჰყავს დასაკითხ პირთა სიაში და სასამართლოს წინაშე მათ შორის დაცვის მხარესაც ექნება საშუალება, დაუსვას შეკითხვები კვლევასთან დაკავშირებით.
მთელს სისხლის სამართლის საქმეზე 38 ტომზე მეტი გახლავთ წარმოდგენილი მტკიცებულებები. რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოჩანაწერებს, მათში არაერთი რაკურსით, სხვადასხვა მხრიდან დაფიქსირებული, ნათლად აღბეჭდილი, ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ჩანს“, – განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაინტერესდება თუ არა გამოძიება პრემიერის ჩვენებით, რადგან მან განაცხადა, რომ ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, პროკურორმა განაცხადა: „ბატონი პრემიერის მიერ მოვლენების დასრულების შემდგომ გაკეთებული პოლიტიკური შეფასება ვერ გახდება საფუძველი მისი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისა“.