რა უნდა გაკეთდეს ჰაერის კარგი ხარისხის შესანარჩუნებლად – სპეციალისტების მოსაზრება
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა კარანტინმა მსოფლიოს დიდ ქალაქებში ჰაერის სისუფთავე უზრუნველყო. ასე მოხდა თბილისშიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე, როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული, ძირითადად, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. ჰაერში განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდის შემცველობა შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, სწორედ ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთანაა დაკავშირებული.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ, როცა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, ჰაერის კარგი ხარისხი შევინარჩუნოთ? – „კვირა“ ამ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სატრანსპროტო სფეროს სპეციალისტებს ესაუბრა.
„ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ სუფთა ჰაერი შევინარჩუნოთ, რა თქმა უნდა, ასეთის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, მაგრამ მაქსიმალურად რომ მივუახლოვდეთ დღეს არსებულს“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი, ნოე მეგრელიშვილი.
მისი თქმით, წახალისებული უნდა იყოს ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილება, ასევე, მიშვნელოვანია, განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
„პირველ ყოვლისა, მაქსიმალურად უნდა წავახალისოთ ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილება. ანუ ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, მაქსიმალურად კომფორტული რომ იყოს ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილება არა მარტო დედაქალაქში, არამედ ყველა მსხვილ ქალაქში, სადაც ჰაერის დაბინძურების პრობლემა გვაქვს.
ასევე უფრო სუფთა ავტომობილების კიდევ უფრო წახალისებაა აუცილებელი, რომ უფრო აქტიურად შემოვიდეს უფრო სუფთა ავტომობილები და მათ შიდაწვის ძრავიანი, მოძველებული ავტომანქანები ჩაანაცვლონ.
გარდა ამისა, აუცილებლად უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამაც კერძო ტრანსპორტი უნდა შეავიწროვოს. უფრო მეტი „ბასლაინი“, უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი და სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპროტია საჭირო არა მარტო დედაქალაქში, არამედ – სხვა მსხვილ ქალაქებში“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, ტრანსპორტის გარდა, სამრეწველო სექტორის ახლებურად დერეგულირებაცაა საჭირო.
„მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სამრეწველო სექტორის ახლებურად დერეგულირება, როგორც ამას სამრეწველო ემისიების შესახებ დირექტივა მოითხოვს, რაც ასოცირებითაც გვევალება და რაზეც უკვე ვმუშაობთ. უნდა გაგრძლედეს ეს სამუშაო და შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს, რათა სამრეწველო სექტორიდანაც შემცირდეს გაფრქვევები. მნიშვნელოვნად უნდა გააქტიურდეს სამშენებელო სექტორში მიღებული რეგულაციების გამკაცრებების აღსრულება, რათა დაცული იყოს ყველა ის ახალი მოთხოვნა, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს სამშენებლო სექტორიდან მყარი ნაწილაკების, მტვრის გაფრქვევები.
ამის პარალელურად, ჰაერის ხარისიხის მონიტორინგის სისტემა კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ, რომ დავაკვირდეთ იმას, თუ რა შედეგებს მოიტანს ეს ღონისძიებები და რა ზომები იქნება დამატებით გასატარებელი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
სატრანსპორტო პოლიტიკისა და მწვანე სივრცეების მნიშვნელობაზე საუბრობს გარემოს დაცვის საკითხების სპეციალისტი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ხათუნა გოგალაძე.
„პირველ ყოვლისა, ალბათ, აუცილებელია, რომ სპეციალისტების, პროფესიონალების მონაწილეობით შედგეს და შეიცვალოს სატრანსპორტო პოლიტიკა.
ამ შეზღუდვების პერიოდმა ერთი რამ გვაჩვენა, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა – აღმოჩნდა, რომ ველოსიპედი საკმაოდ მოსახერხებელი ტრანსპორტია, თუნდაც უბნებში მაინც, შიგნით გადაადგილებისთვის. სამი და ოთხი გაჩერების მანძილზე შეიძლება, ადამიანი გადაადგილდეს ველოსიპედით და არა – მანქანით. ამ სიტუაციამ გვაჩვენა ისიც, რომ ფეხით გადაადგილებაც შესაძლებელია მოკლე მანძილებზე. აუცილებელია, ქალაქებში არსებობდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ელემენტარულად, ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის უნდა არსებობდეს ტროტუარები, ველოსიპედით გადაადგილების მსურველებისთვის კი შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწორად განვითარება. ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს.
გარდა ამისა, ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, რომ დიდ ქალაქებს სასიცოცხლოდ სჭირდება მწვანე ტერიტორიები, გაცილებით მეტი მწვანე სივრცე, ვიდრე არის. სამწუხაროდ, ტენდენცია ისეთია, რომ რაც პოტენცურად შეიძლება მწვანე იყოს, ისიც შეიძლება, არ იყოს მწვანე, ანუ იქ რაღაცის მშენებლობა იგეგმება“, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
ეკოლოგი ბიძინა გიორგობიანი ამბობს, რომ რეგუალციები სატრანსპროტო და სამშენებლო სფეროების მიმართულებით უნდა გამკაცრდეს.
„ვნახეთ, 2 კვირას რომ გაჩერდა ეს ყველაფერი, ჰაერი გაიწმინდა. ეს რას ნიშნავს? პირველი იმას, რომ საწვავის შემომტანები, როდესაც დებენ ცნობას, რომ მათ მიერ შემოტანილი საწვავი არ შეიცავს მაღალი რაოდენობის გოგირდის დიოქსიდსა და ტყვიას, ეს ტყუილია და ამაზე სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს.
მეორე – სამშენებლო რეგულაციები, რომელიც ქაღალდზე ლამაზად წერია და ქალაქის მერიამაც რამდენჯერმე თითქოს გაამკარა ეს რეგუალციები , უბრალოდ არ მუშობს . სამშენებლო მოედნებიდან მტვერი ქალაქს ეფინება და ამიტომ არის ხოლმე ასეთი გაუსაძლისი ჰაერი თბილისში.
ასევე, აღსანიშნავია ის, რომ მეორადი მანქანებია პრობლემა. ტექნიკურმა დათვალიერებამ რა შედეგი გამოიღო ამ თვალსაზრისით, არ ვიცი. მე ქუჩაში ვხვდები ისეთ მანქანებს, რომლებიც რანაირად გადიან ამ ტექნიკურ დათვალიერებას და რა ფოკუსებს ატარებენ, არ ვიცი, ანუ ტექნიკურ დათვალეირებას გარემოს დაცვითი მიმართულებით არანაირი ეფექტი არ მოუტანია. ეს მეორადი მანქანები ერთერთი ყველაზე ძლიერი დამაბინძურებელია“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა „კვირასთან“ საუბრისას.
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი, შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფონზე დედაქალაქის საჰაერო აუზის გასუფთავება აშკარაა. როგორც ოგბაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, სატრანსპორტო და მშენებლობის სექტორში გარემოსდაცვითი საქმიანობისაკენ მიმართულ ძალისხმევას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ოგბაიძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდის მნიშვნელობაზე საუბრობს. 
„ფაქტი სახეზეა, როგორ გასუფთავდა ჰაერი. მძღოლების დაკვრივებასაც მოგახსენებთ: ავტომობილს რომ გავრეხავდით, საკმარისი იყო, ოდნავ წამოეწინწკლა, რომ მანქანა ტალახიანი იყო ხოლმე. დღეს მანქანა თითქმის ერთი თვეა, გარეთ დგას . რამდენჯერმე იწვიმა კიდეც და ავტომობილი სუფთაა. ჭუჭყიანი წვიმები აღარ მოდის.
რა თქმა უნდა, ჩვენს სატრანსპორტო ავტოპარკს ერთბაშად ვერავინ შეცვლის. ჩვენს მკითხველს შევახსენებ, რომ სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება ჩვენი ამომრჩევლების ერთერთი მთავარი მოთხოვნა იყო. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის მხოლოდ ტექდათავლიერებაზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, საუბარია იმაზე, რომ ჩემისთანა ადამიანი, რომელიც ხშირად გადაადგილდება მართალია, ელექტრომობილით, მაგრამ მაინც მიჯაჭულია კერძო ავტომობილს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდეს. გულწრფელად გეტყვით, რომ მე ბოლო დროს საზოგადოებრივი ტრანპორტით უფრო ხშირად ვსარგებლობ. ახლა მთავარი, ამ სატრანსპორტო სისტემის რეფორმის ბოლომდე მიყვანაა, რაც დაწყებულია ჩვენი გუნდის მიერ.
ფაქტია, რომ ჩვენმა გარემომ ვაჟას უკვდავი სიტყვები შეგვახსენა – ბუნება მბრძანებელია, უდიერად მოპყრობა კარგს არაფერს მოიტანს“, – განაცხადა ოგბაიძემ „კვირასთან“ საუბრისას.
თამუნა შეყილაძე