იტალიაში საკარანტინე ზომების შესუსტების მეორე ფაზა იწყება

იტალიაში საკარანტინე ზომების შესუსტების მეორე ფაზა იწყება.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, მეორე ფაზა ითვალისწინებს 4 მაისიდან წარმოებების, სამშენებლო კომპანიებისა და ზოგიერთი საბითუმო ობიექტის მუშაობის განახლება, ორი კვირის შემდეგ კი საცალო ვაჭრობის მუშაობა განახლდება.

მისი თქმით, ზოგიერთი საწარმო, რომელიც “სტრატეგიულად მნიშვნელოვან” კატეგორიას მიეკუთვნება და მხოლოდ ექსპორტზეა ორიენტირებული, მუშაობას მიმდინარე კვირას განაახლებს იმ პირობით, თუ ნებართვას ადგილობრივი პრეფექტებისგან მიიღებენ.

ასევე, ადამიანებს რეგიონების ფარგლებში გადაადგილებისა და ნათესავების მონახულების უფლება მიენიჭებათ, თუმცა მათთან შეხვედრა დისტანციის დაცვითა და ნიღბების გამოყენებით იქნება შესაძლებელი. სხვა რეგიონებში მგზავრობა, გარდა სამუშაო აუცილებლობისა – აკრძალულია.

სამგლოვიარო პროცესიებში მონაწილეობის მიღების უფლება ნებადართულია, თუმცა, მაქსიმუმ 15 ადამიანის მონაწილეობით.

ასევე, ქვეყნის მასშტაბით პარკები და სკვერები გაიხსნება.

ბარები და რესტორნები მუშაობას 4 მაისიდან განაახლებენ, ოღონდ საკვების გატანის პირობით, საკვების მიღება მხოლოდ დახურულ სივრცეში იქნება შესაძლებელი – სახლებსა და ოფისებში. რესტორნებისა და ბარების სრული მუშაობა ივნისიდან მოხდება ისევე, როგორც სილამაზის სალონებისა.

18 მაისიდან ამუშავდება მუზეუმები და ბიბლიოთეკები, სკოლები სექტემბრამდეა დახურული, ასევე, აკრძალულია საეკლესიო რიტუალები.

სავალდებულოა მაღაზიებსა და ტრანსპორტში პირბადეების ტარება.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები