ეკოლოგი: დაწესებულმა შეზღუდვებმა აჩვენა, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილები და მშენებლობებია

ეკოლოგ ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, კორნავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში დაწესებულმა შეზღუდვებმა ეკოლოგიური თვალსაზრისით აჩვენა, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილები და მშენებლობებია. ამის შესახებ გიორგობიანმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ეკოლოგი მიიჩნევს, რომ რეგულაციები სწორედ ამ ორი მიმართულებით უნდა გამკაცრდეს.

„როგორც ამ შეზღუდვებმა გვაჩვენა, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო, როგორც ეს არაერთხელ აღმინიშნავს, ავტომობილები და მშნებლობებია. მშენებლობები როგორც კი გაჩერდა, ჰაერს მაშინვე დაეტყო, ერთ დღეშივე. ჩვენ საწარმოო ფაბრიკა-ქარხნებისა და სხვა გამონაბოლქვები, ეს იქნება ელექტრო სადგურები თუ სხვა, არ გვაქვს. ჩვენთან, ძირითადად, ავტომობილებისა და სამშენებლო მტვრისგან დაბინძურებაა. ეს პრაქტიკაშიც დადასტურებულია: ვნახეთ, 2 კვირა რომ გაჩერდა ეს ყველაფერი, ჰაერი გაიწმინდა.

ეს რას ნიშნავს? პირველი იმას, რომ საწვავის შემომტანები, როდესაც დებენ ცნობას, რომ მათ მიერ შემოტანილი საწვავი არ შეიცავს მაღალი რაოდენობის გოგირდის დიოქსიდსა და ტყვიას, ეს ტყუილია და ამაზე სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს.

მეორე – სამშენებლო რეგულაციები, რომელიც ქაღალდზე ლამაზად წერია და ქალაქის მერიამაც რამდენჯერმე თითქოს გაამკარა ეს რეგუალციები, უბრალოდ, არ მუშობს. სამშენებლო მოედნებიდან მტვერი ქალაქს ეფინება და ამიტომ არის ხოლმე ასეთი გაუსაძლისი ჰაერი თბილისში.

ასევე, აღსანიშნავია ის, რომ მეორადი მანქანებია პრობლემა. ტექნიკურმა დათვალიერებამ რა შედეგი გამოიღო ამ თვალსაზრისით, არ ვიცი. მე ქუჩაში ვხვდები ისეთ მანქანებს, რომლებიც რანაირად გადიან ამ ტექნიკურ დათვალიერებას და რა ფოკუსებს ატარებენ, არ ვიცი, ანუ ტექნიკურ დათვალეირებას გარემოს დაცვითი მიმართულებით არანაირი ეფექტი არ მოუტანია. ეს მეორადი მანქანები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამაბინძურებელია“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა „კვირასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია. მათი ცნობით, ჰაერში განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდის შემცველობაა შემცირებული, რაც, სავარაუდოდ, ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთანაა დაკავშირებული.

დღეიდან მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დაშვებულია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები