“ბათუმში გამოიყენეს ოზონოთერაპია, სამს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს, თუ შემდგომში ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია”
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქართველმა ექიმებმა ერთობლივ შეხვედრაზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებზე ისაუბრეს. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ მიდგომებსაც, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული.
„ვისაუბრე პრეპარატ ტოცილიზუმაბზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია, მაგრამ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენება, რადგან ძალიან სერიოზული შეზღუდვები აქვს. იყო ბათუმის გამოცდილებაზე ლაპარაკი, რომლებმაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და, წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებით. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია. ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ მეცამეტე, მეთოთხმეტე დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება, ორი თვის შემდეგ. ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერეზზე, რომელიც 10 აპრილს ოფიციალურად დამტკიცდა „კოვიდის“ სამკურნალოდ. პლაზმაფერეზიც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, როდესაც თან მოყვება რიგი მავნე ნივთიერებებისა. იყო ამაზეც საუბარი. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ პლაზმაფერეზი, იყო ორი წარმატებული სეანსი. საუბარი იყო ახალ მიდგომებზეც, მაგრამ ძირითადი საუბარი ჯერ მაინც იყო იმ გამოცდილებებზე და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.