იაფი ნავთობი – რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
“დიდი ალბათობით, ნავთობის გაიაფება გაგრძელდება, თუმცა საქართველოს ეკონომიკისთვის ეს პროცესი დიდი ბენეფიტების მომტანი ვერ იქნება”, – ასე აფასებენ შექმნილ სიტუაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
“გლობალურ ჭრილში თუ შევხედავთ, ნავთობის ფასის ვარდნა ნეგატიური მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს და პრობლემები აქვს საქართველოსაც, ვინაიდან ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ”, – აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავჭდომარე, ვანო მთვრალაშვილი.
მისი თქმით, იაფი ნავთობი და, შესაბამისად, საწვავი გარკვეული ბენეფიტების მომტანია, თუმცა არა იმ მასშტაბის, რომ ის ეკონომიკური პრობლემები გადაფაროს, რაც ქვეყანას შეექმნა.
“მაშინ, როცა ქვეყანას უცხოური ვალუტის დეფიციტი აქვს, იაფი საწვავის პირობებში ქვეყნიდან ნაკლები ვალუტა გავა და ეს კარგია. დაბალი მოთხოვნის პირობებში იმპორტიორები ნაკლებ საწვავს შემოიტანენ და იაფად. ეს, გარკვეულწილად, შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე და ინფლაციიასაც შეზღუდავს, თუმცა ეს ყველაფერი იმ ზარალის საპირწონე ვერ იქნება, რასაც გაჩერებული, დაპაუზებული ეკონომიკით მივიღებთ”, – აცხადებს მთვრალაშვილი.
მისივე განმარტებით, ნავთობის გაიაფება მოთხოვნა მიწოდებას შორის დარღვეულმა ბალანსმა განაპირობა და პანდემიის პირობებში ეს პროცესი გაგრძელდება. როგორც მთვრალაშვილი აცხადებს, ფაქტობრივად, ნავთობს მყიდველი არ ჰყავს, გადავსებულია ყველა საცავი. ზღვაში 160 მილიონი ბარელია ტანკერებზე და არ იციან, სად წაიღონ.
შეგახსენებთ,რომ ნავთობის ფასი, ორშაბათის მონაცემებით, 0-ს ჩამოცდა და პირველად ისტორიაში ნეგატიური გახდა. ივნისის ფიუჩერსებით, ერთი ბარელი ამერიკული WTI 22 დოლარი ღირს, ხოლო ევროპული Brent-ი 26 დოლარად ივაჭრება.