“რადიოაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტები აღიკვეთა”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს რადიოაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფარული მოქმედებების გარკვეულ ნაწილს კიბერშეტევები და კიბერსადაზვერვო ოპერაციებიც წარმოადგენდა.

“საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ აქტიურად ტარდებოდა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები და აქტივობები.

სამსახურის შესაბამისი დანაყოფები განაგრძობდნენ ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, მათ შორის, 2019 წელს აღკვეთილი იქნა რადიოაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტები.

2019 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფარული მოქმედებების გარკვეულ ნაწილს კიბერშეტევები და კიბერსადაზვერვო ოპერაციები წარმოადგენდა. განსაკუთრებით მასშტაბური იყო გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სამთავრობო და კერძო სტრუქტურების ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერთავდასხმა. ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით.

კიბერშეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებასა და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის ფუნქციონირების შეფერხებითა და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

საქართველოს თავდაცვის სისტემის ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში არსებული ვითარების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების მიმართ. ნატო-ს მოწინააღმდეგე ძალები მიზნად ისახავდნენ შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოში ნატო-ს აქტივობების შეზღუდვას”, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები