„საქართველოში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2019 წლის ანგარიშში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებზეცაა საუბარი. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში ამ მხრივ საფრთხე მინიმუმამდეა შემცირებული.
„ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები უცვლელად დგას თანამედროვე მსოფლიოს დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ „დაეშმა“ დაკარგა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, ტერორიზმის კუთხით იგი “ალ-ქაიდასთან” ერთად კვლავ წარმოადგენს მსოფლიოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი უწყებების კოორდინებული მუშაობის შედეგად, საქართველოში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული. თუმცა, ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული გამოწვევები.
წინამდებარე ანგარიშში განხილულია 2019 წლის ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული საპასუხო ზომები.
აღნიშნულ პროცესში სამსახური მოქმედებდა კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით, უზრუნველყოფდა კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის ჯეროვან შესრულებას.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, მსოფლიოში, რეგიონსა და ჩვენს ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სამსახურისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და თანამშრომლობა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა მიმართულებით მომდინარე საფრთხეებისგან ქვეყნის ეფექტიანად დაცვა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის პასუხისმგებლობების სწორი გადანაწილებით და აღნიშნული პასუხისმგებლობების პირნათლად შესრულებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.