მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს ბოლნისის მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი სასურსათო პაკეტები დაურიგდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული საკარანტინო მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტმა ბოლნისის მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი 500 სასურსათო პაკეტი მიიღო, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმაა ჩაიბარეს.
პაკეტები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს ეტაპობრივად დაურიგდება. აღსანიშნავია, რომ, ამ დროისთვის, სურსათი სულ 3000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, შშმ პირს, პენსიონერებსა და შეჭირვებულ მოქალაქეს დაურიგდა.
“დღეს ბოლნისის მერიისა და კერძო პირების მიერ შეძენილი 500 სასურსათო პაკეტი მივიღეთ. პროდუქტები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს დაურიგდება. საკარანტინო რეჟიმის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეჭირვებული მოქალაქეების გვერდში დგომა, ამიტომ მუნიციპალიტეტი ამ კატეგორიის მოქალაქეებს ყოველთვის დაეხმარება. მინდა, კერძო პირებს დიდი მადლობა გადავუხადო ქველმოქმედებისთვის“, – განაცხადა ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.