ანა ფუტკარაძე: სასამართლოების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის შემაკავებელი ორდერების გაუქმება, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად დაუცველს ხდის მსხვერპლს

სასამართლოების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის შემაკავებელი ორდერების გაუქმება, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად დაუცველს ხდის მსხვერპლს , – აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ განმარტებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ანა ფუტკარაძე აკეთებს.

მისი თქმით, სტატისტიკა, სამწუხაროდ, სასამართლოების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული, არ არის.

“საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 930 შემაკავებელი ორდერის გამოცემა კიდევ ერთხელ მიუთითებს პრობლემის სიმწვავეზე, დანაშაულის თავიდან არიდების პროცესში სახელმწიფოს პასუხისმგებლობასა და ქმედუნარიანობაზე, თითოეული შემთხვევის მიმართ, პოლიციის ეფექტიან რეაგირებაზე, თუმცა არ არსებობს ზუსტი საჯარო სტატისტიკა, რამდენი შემაკავებელი ორდერი გაასაჩივრეს მხარეებმა, რა გადაწყვეტილება მიიღეს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა, რამდენად მართლზომიერად იქნა მიჩნეული გასაჩივრებულ საქმეებზე შემაკავებელი ორდერის გამოცემა და რამდენ შემთხვევაში მოახდინა სასამართლოებმა ორდერის გაუქმების გადაწყვეტილება. ასეთი სტატისტიკა, სამწუხაროდ, სასამართლოების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული, არ არის,”- განაცხადა ანა ფუტკარაძემ.

ანა ფუტკარაძის თქმით, ოჯახში ძალადობა კვლავ რჩება პრობლემად, კვლავ საჭიროებს სახელმწიფოს მყისიერ რეაგირებას. გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემით, მარტში გამოიცა 930 შემაკავებელი ორდერი, თებერვალში – 840, იანვარში კი 947. თავის მხრივ, გასულ თვეში, გამოძიება დაიწყო დაახლოებით 470-მდე შემთხვევაზე. აქედან 10% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას, რაც, რასაკვირვეკლია ყველაზე მეტად საგანგაშო მდგომარეობაა. დინამიკის გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში, შემაკავებელი ორდერები ძირითადად გამოიცა ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე და არა – ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, თუმცა ასეთ ცალკეულ ფაქტებსაც, სამწუხაროდ, ისევ ჰქონდა ადგილი.

“კანონი, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ მოიაზრებს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ფსიქოლოგიური ძალადობის ორდერი დგება არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეებს შორის არსებობს რთული ურთიერთობები მათი საცხოვრებელი ადგილის გამო, მუდმივი დაძაბულობა სტრესისა და ფსიქო-ემოციური ზეწოლის ქვეშ ამყოფებს მოზარდებს, მაგრამ სასამართლოები სარწმუნოდ არ მიიჩნევენ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საფუძვლით მათი კანონიერი წარმომადგენლების მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერებს და პოლიციის მხრიდან დროებითი ღონისძიებების გამოყენების გაუქმება ხდება, რაც პრობლემის მიმართ ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, სწორი მიდგომა არ არის.

სწორედ არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახელმწიფოს შეურიგებელი პოლიტიკა ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით, თითოეული რეგისტრირებული ფაქტის მიმართ, კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. პანდემია, იძულებითი ზომების გამოყენება, კარანტინი და დაწესებულები შეზღუდვები, კიდევ უფრო მეტად ზრდის ოჯახში ძალადობის რისკებს. პოტენციური მსხვერპლი, ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებით დაუცველია. ამდენად, საჭიოროა დროულად მოხდეს ძალადობის ნებისმიერი ფორმის საწყის ეტაპზე აღკვეთა და სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი პროტოკოლის შექმნა, სადაც პოტენციური მოძალადე და პოტენციური მსხვერპლი საერთო ურთიერთობის სივრცეში არ აღმოჩდებიან.

ჩვენი მოწოდებაა, თითოეული შემთხვევის მიმართ მოხდეს სამართალდამცავ ორგანოებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება 112-ის მეშვეობით. ამასთან, მისასალმებელია, რომ საქართველოში მოქმედებს საკონსულტაციო ანონიმური ცხელი ხაზიც – 116 006, სადაც ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია 8 ენაზე გაიცემა. ის, ვინც მიიჩნევს, რომ სრულიად დაუსაბუთებელია შემაკავებელი ორდერის გამოცემაც, აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს, სასამართლო კი ვალდებულია საჩივრის წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილოს საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთ საჩივრებზე მომჩივანი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწტვეტილება კი ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო წესით.

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ოჯახში ძალადობის რამდენიმე ფორმა არსებობს:

ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

ვ) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე,”- განაცხადა ანა ფუტკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები