მებაჟე ოფიცრებმა 750 გრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 755,66 გრამი) გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, 189 754,19 ლარი შეადგინა.
ერთ-ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 145 074,58 ლარით დაჯარიმდა.