„ო, ღმერთო… შენ დაიფარე დედამიწის ეს კუთხე“ – ბელა ახმადულინამ სიზმრები გაიყოლა საქართველოზე

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა რუსი პოეტის ბელა ახმადულინას დაბადების დღესთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს. მას 10 აპრილს 83 წელი შეუსრულდებოდა.
ამბობენ, რომ სვეტიცხოველში მონათლულა; იმასაც ამბობენ, ერთხელ უთქვამს, როცა მოვკვდები, საქართველოში დამასაფლავეთო…

საქართველოში არ დაუსაფლავებიათ; სამუდამო განსასვენებელი თავის სამშობლოში ჰპოვა. ბელა ახმადულინამ სიზმრები გაიყოლა საქართველოზე. დღეს მისი დაბადების დღეა.

,,სიზმრები საქართველოზე”
(თარგმნა გია ჯოხაძემ)

,,სიზმრები საქართველოზე” – ასე ერქვა საქართველოში, თბილისში, გამომცემლობა ,,მერანში“ არაერთხელ გამოცემულ ჩემს წიგნს.
როცა რამეს ვწერდი, არასოდეს ვფიქრობდი ,,წიგნზე”, ჩემი თხზულებების შეკრებაზე.
ის გარემოება, რომ ზოგი ჩემი ნაწარმოები პირველად საქართველოში გამოქვეყნდა და – არა მოსკოვში, ჩემი დამსახურება არ გახლავთ და არც ამის გამო მიყვარს ეს მიწა – ,,საქართველო’’. ეს სიტყვები არ ეძღვნება წიგნს, ლექსებს, რომლებიც ახლახან დავწერე და რომელსაც კვლავ ,,სიზმრები საქართველოზე” ვუწოდე.
მე დამესიზმრა ამ მიწის სახელი: ისე ნათლად, ისე იოლად გასაგონად, რომ თვალცრემლიანმა გამოვიღვიძე, თუმც შემდეგ მთელი დღე ვიღიმებოდი და ვინც არ იცოდა, რას ნიშნავს სიტყვა ,,საქართველო”, წუთისოფელში თავს უკეთ, უფრო ხალისიანდ გრძნობდა.
ეს მოხდა მოსკოვში, ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში. ცუდად არ ვიყავი, მაგრამ ექიმების კეთილი რჩევა გავითვალისწინე და საავადმყოფოში დავწექი, სადაც ღამღამობით ლექსებს ვწერდი – ზოგი ჩემი სტრიქონი ეხება იმ მიწა-წყლის რამდენიმე ადგილს, მთელს ქვეყანას.
საავადმყოფო, როცა ჯანმრთელი და ცოცხალი ხარ, მოხერხებული სამყოფელია სხვებზე და – არა საკუთარ თავზე საფიქრალად.
,,გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი თვისი”, – არაერთხელ მიფიქრია ამ სიტყვებზე, მაგრამ მოყვასი საკუთარ თავზე მეტად მყვარებია.
და თუ კი ვინმეს ეს ცოდვა ედება ბრალად, დამნაშავეა ახლობელთა და შორეულ ნაცნობთა წინაშე. ეს ცოდვა ძნელად გამოსასყიდია, მაგრამ უფალი შეგვინდობს იმ უცილო პირობით, რომ დანაშაულს გამოვისყიდით, ზენაარისგან ნაკარნახებ ვალს აღვასრულებთ.
ეს არც თუ ბრძნული განსჯა მხოლოდ მე მეხება.
ასე გულდასმით და ასე დიდხანს ვწერ იმ ლექსების წინასიტყვაობას, რომლებიც საავადმყოფოში იშვა… ექიმმა ბოტკინმა არ იცოდა, რომ ქველმოქმედი და გამომცემელი კონდრატე სოლდატენკოვი 1911 წელს ღატაკთა და სნეულთათვის მისი სახელობის საავადმყოფოს ააშენებდა.
ვინ გვასაჩუქრებს (და ხანდახან – გულსაც გვტკენს) მე და თქვენ? ვცადე, თვითონ მეთარგმნა რუსულად ქართული სიტყვები. არაფერი გამომივიდა: არ შემიძლია ქართულად წერა, მაგრამ სიზმრად ჩამესმის ქართული მეტყველება, ქართული სიმღერა.
საქართველო ჩემი სულის სინათლეა. ამ მიწაზე ბევრი ალერსიანი, კეთილი სიტყვა უთქვამთ, და არა მხოლოდ ჩემთვის, სხვებისთვისაც, რაც უფრო მნიშვნელოვანია.
ო, ღმერთო, – ვწერ მე, – შენ დაიფარე დედამიწის ეს კუთხე და ყველაფერი, რასაც ვხედავთ, რაც ვიცით, და ისიც, რის გაგებაც არ გვიწერია.
არასოდეს მისცემოდეს დავიწყებას სახელები, ეს ლექსები რომ ეძღვნება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები