ერთი ინფექციონისტი, ერთი ლაბორატორია, ექიმების პროტესტი – საქართველოს ოკუპირებული რეგიონები კორონავირუსის პირისპირ
რა მდგომარეობაა კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში? რამდენად შეძლებენ დე ფაქტო რეჟიმები გამოწვევასთან გამკლავებას – ესაა კითხვები, რომლებიც დღეს ხშირად ისმის. ე.წ. ხელისუფლების ცნობით, ამჟამად, აფხაზეთში კორონავირუსით დაავადების 2 შემთხვევაა დაფიქსირებული.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან 80-მდე პირი იმყოფება, ამ პირებს შორის ერთი COVID-19-ით ინფიცირებულია.
მინისტრი აღნიშნავს, რომ, სხვადასხვა წყაროთი, აფხაზეთის რეგიონში ინფიცირების 2 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ეს ზუსტი მონაცემებია.
„აფხაზეთის რეგიონში დადასტურებულია 2 შემთხვევა. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან, რამდენიმე პირი არის კარანტინში, გაგრაში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ “კომენდანტის საათია” გამოცხადებული. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ მონაცემებზე, ვერ გვექნება ასპროცენტიანი გარანტია, რომ ეს აბსოლუტურად ზუსტი მონაცემებია. ეს იმიტომ, რომ ოკუპაციის მდგომარეობის გამო მათი ვერიფიკაცია არ ხდება, იგივე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიერ. თუმცა, ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, რა თქმა უნდა, საფრთხის დონე აწეულია ერთი საფეხურით, რამდენადაც, ჩვენი ინფორმაციით, ამ კონკრეტულ პირებს საკმაოდ ბევრი კონტაქტი ჰყავთ და ახლა აუცილებელია, რომ ადგილზე დროულად მოხერხდეს ამ კონტაქტების კვლევა, დროული იზოლირება და შემდგომი გავრცელება შეკავდეს“, – აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, რუხის კლინიკა მზადყოფნაშია, პირველ ეტაპზე, როგორც საკარანტინო სივრცე და და რამდენიმე დღეში უკვე როგორც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი რეგიონში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ და აქვთ სურვილი, ჰქონდეთ წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, ვეხმარებით მოსახლეობას მათთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის სერვისებით. რუხის კლინიკა, ფაქტობრივად, მზადყოფნაშია, პირველ ეტაპზე, როგორც საკარანტინო სივრცე და რამდენიმე დღეში უკვე როგორც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მართვის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი რეგიონში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ანალიზებს აფხაზეთში ბაქტერიოლოგიურ რესპუბლიკურ ლაბორატორიაში აკეთებენ. ლაბორატორიაში სულ ორი თანამშრომელი მუშაობს.
„საერთოდ არ ჰქონდათ ლაბორატორია იქ. რაღაც გახსნეს და ამბობენ, რომ სადღაც მოამზადეს ორი ადამიანი და ისინი მუშაობენ. როგორია მათი დონე, როგორ მუშაობენ, რა ტექნოლოგიებით სარგებლობენ – ეს ჩვენთვის უცნობია. აქედან გამომდინარე, არის ეჭვები, რომ ბევრად მეტია დაავადებული, ვიდრე – ორი და სამი ადამიანი“, – აცხადებს მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია.
ჯემალ გამახარია აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთში შესაბამის დე ფაქტო სტრუქტურებს კორონავირუსთან ბრძოლაში ყველანაირად ეხმარება. მისივე თქმით, აფხაზები, დიდწილად, საქართველოზე არიან დამოკიდებულები, მათ სხვა დამხმარე რეალურად არ ჰყავთ.
„ჯამურად, 3 ადამიანს აქვს დადასტურებული კორონავირუსი. მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები და ექსპერტები, რომლებიც შორიდან აკვირდებიან მოვლენებს, დარწმუნებულები არიან, რომ ბევრად მეტია დაავადებული ადამიანი, მაგრამ ეს ჯერ გამოვლენილი არაა.
მინდა, ყოველგვარი დაკონკრეტებისა და დაზუსტების გარეშე გითხრათ, რომ ქართული მხარე აფხაზეთში შესაბამის დე ფაქტო სტრუქტურებს კორონავირუსთან ბრძოლაში ყველანაირად ეხმარება სხვადასხვა ხერხით, მეთოდით. ძალიან ბევრი რამ კეთდება, ძალიან ბევრი ადამიანი არის გადმოსული ენგურს აქეთ და იმყოფება კარანტინში, გადის გამოკვლევას. დღესაც, რამდენიმე საათის წინ ერთი პაციენტი გადმოვიდა და ისიც კარანტინშია მოქცეული. თანაც, აქ საუბარია არა მხოლოდ ქართველებზე, არამედ – ეთნიკურ აფხაზებზე. ასე რომ, აფხაზები, ამ შემთხვევაში, მარტო არ არიან ამ ვირუსთან ბრძოლაში. მაგრამ აქ არის პრობლემა: ჩვენს სამსახურებს არ აქვთ შესაძლებლობა, იქ შევიდნენ და მათ დიაგნოსტიკაში დაეხმარონ, დაავადებულები გამოავლინონ და დროზე მიხედონ.
ისინი დიდწილად საქართველოზე არიან დამოკიდებულები. მათ სხვა დამხმარე რეალურად არ ჰყავთ. იგივე საერთაშორისო ორგანიზაციებმა რაც შეიტანეს, ეს ყველაფერი ქართული მხარის მიერაა გაღებული და ესეც უნდა ვიცოდეთ“, – განაცხადა გამახარიამ „კვირასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კვლავ ირღვევა.
„ვითარება ოდნავ შეცვალა, მაგრამ რადიკალურად არ შეცვლილა. ხშირად ვეცნობით სოციალურ ქსელებს, შესაბამისი ვიდეო- და ფოტომასალა არსებობს იმისა, თუ როგორ ირღვევა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ადამიანები აგრძელებენ ქეიფებს, იმართება 200-300 -კაციანი ქელეხები. თითქოს, გადაკეტეს რუსეთთან საზღვარი, მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრი ადამიანი შემოდის იქედან, ეს პრობლემები, სამწუხაროდ, მოხსნილი არაა“, – აცხადებს ჯემალ გამახარია.
კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით ვითარება ძალიან რთულია. მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ჰყავთ მხოლოდ ერთი ინფექციონისტი.
„ძალიან მრავლისმეტყველია გულრიფშის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ზურაბ აჩბას სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, სადაც ის განგაშის ზარებს ჰკრავს, რომ ჩვენ აქ ამ დაავადებას ვერ გავუმკლავდებითო. ქართულ მედიაში ხშირად ისმის ხოლმე, აფხაზები თავის მდგომარეობასა და დაინფიცირებულთა რიცხვს მალავენო, არ არის ეს მართალი . ვერ დამალავენ იმიტომ, რომ არავინ იცის, როგორია ეს დაავადება და როგორ უნდა დამალონ? ერთადერთი ინფექციონისტი ჰყავთ მთელს აფხაზეთში“, – განაცხადა არეშიძემ „კვირასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ოკუპირებულ რეგიონში ვირუსი ფართოდ გავრცელდეს.
„დაახლოებით, 1-2 კვირის წინ აფხაზეთში ძალიან დიდი მისვლა- მოსვლა იყო . უამრავი რუსი დამსვენებელი, რომელიც სოჭის სასტუმროებში იყო, შეუშინდა პანდემიის შეტევას. მერე პუტინი ჩავიდა იქ თავისი ამალით, სასტუმროში ნომრები იყო საჭირო. მოკლედ, ხალხი გამოასახლეს იქედან, თავადაც გამოიქცნენ. დასვენება რომ არ გაუქმებოდათ, დაახლოებით, 2 ათასი ადამიანი დაიძრა აფხაზეთისკენ, რომ დაესვენათ ბოლომდე. ვინ რა შეიტანა და ვინ იყო დაინფიცირებული, კაცმა არ იცის. ვერ გადაურჩებიან ამას. როგორც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მოხდა: თავიდან 1-2 შემთხვევა იყო, ახლა იმატებს და იმატებს, ასე მოხდება აფხაზეთშიც. მაგრამ, თუ ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებში რეგიონული სავადმყოფოებია, მახაჩკალაშია, ვლადიკავკაზშია, აფხაზეთში ასე არაა. ის კი არა, კორონავირუსზე ანალიზი რომ ჩააბარონ, კრასნოდარში უნდა გაგზავნონ. მანქანით სოხუმიდან კრასნოდარამდე 5-6 საათია. იქედან როდის ჩამოვა პასუხი, წარმოიდგინეთ“, – განაცხადა არეშიძემ.
კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ვიდრე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ერთეული შემთხვევებია, ისინი ამ გამოწვევებს უმკლავდებიან, მაგრამ თუ ინფექცია გავრცელდება, მკურნალობის მიმართულებით პრობლემები შეექმნებათ.
როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, Covid-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში შემაშფოთებელია, რადგანაც ინფიცირებული პირი იზოლაციაში არ იყო და ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
„ინფორმაცია რაც გვაქვს, ვერ ვიტყვი, რომ ისინი მზად არიან ამ გამოწვევისთვის. თავად აფხაზები და ოსებიც ამბობენ, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა და, ინფექციის სერიოზული აფეთქების შემთხვევაში, ეპიდემიას ვერ გაუმკლავდებიან. ცხინვალის რეგიონში, ჯერჯერობით, ვირუსი არ დაფიქსირებულა. აფხაზეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. შეიძლება ითქვას, ერთ-ორ ადამიანს პატრონობენ. სანამ უკონტროლო გავრცელება არ იქნება, მანამდე, ჯერჯერობით, როგორც ამბობენ, კონტროლის რესურსები აქვთ.
7 აპრილის ამბავი შემაშფოთებელია იმდენად, რამდენადაც ეს ბატონი აფხაზეთის ტერიტორიაზე 29 მარტს შემოვიდა რუსეთიდან, 29-დან 4 აპრილამდე არავითარი ნიშნები ჰქონდა. მთელ 6 დღეს ქალაქში მოძრაობდა, კონტაქტები ჰქონდა თანამოქალაქებთან. ამიტომ, ეშინიათ, რომ შეიძლებოდა ამ ადამიანის მიერ გავრცელება მომხდარიყო. თუ ამ კლასტერიდან გავრცელდა ,მაშინ შეიძლება ბევრი ადამინი იყოს დაინფიცირებული და შეიძლება პროლემები შეექმნათ. ვიდრე, თითო-ოროლა ადამიანია ,უმკლავდებიან ამ გამოწვევებს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს – covid 19-ით ინფიცირების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. მამუკა არეშიძე მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობაა.
როგორც მამუკა არეშიძემ ამბობს, ექიმების ერთმა ნაწილმა საავადმყოფოში დარჩენაზე უარი განაცხადა, რის გამოც მათ ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი დაემუქრა.
„რაც შეეხება ცხინვალს – იქ საერთოდ კატასტროფული მდგომარეობაა. იქ ოფიციალურად ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა, მაგრამ ერთი ინფექციონისტი რომ ჰყავთ აფხაზეთში, აქ ის ერთიც არ ჰყავთ.არანაირი დახმარება მიუღიათ. იქამდე მივიდა საქმე, რომ ე.წ. მთავრობის სხდომაზე დიდი ომი იყო გამართული. ე.წ. პრეზიდენტიც ესწრებოდა. ექიმების ერთმა ნაწილმა, ქირურგ ვალიევის მეთაურობით, უარი თქვა საავადმყოფოში დარჩენაზე. იმაზე კი არა, რომ ავადმყოფს მოემსახურონ, არამედ იმაზე, რომ საერთოდ იქ დარჩნენ.
ვალიევმა სწორად დააყენა საკითხი, ის კი არა, რომ პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები არაა, არამედ მეთოდოლოგია არ ვიცითო, როგორ ვუმკურნალოთ ავადმყოფს, რომელიც ამ ჩივილით შემოვა, არ ვიცითო. ეს აბსოლუტურად მართალი, პროფესიული მიდგომაა.
ე.წ. პრეზიდენტი ეჩხუბა ექიმებს. დაემუქრა საავადმყოფოდან გაგდებით, მათ უთხრეს – წავალთ, რა პრობლემააო“, – განაცხადა არეშიძემ „კვირასთან“ საუბრისას.
თამუნა შეყილაძე