„საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტები – YouTube არხზე

29 მარტიდან, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ თავის YouTube არხზე კონცერტების ონლაინჩვენებას ახორციელებს:
29 მარტს მაყურებლებმა იხილეს „საქართველოს სინფონიეტას“ საიუბილეო კონცერტი, რომელსაც მსოფლიო ვარსკვლავი, ჟორდი სავალი დირიჟორობდა. სწორედ ამ კონცერტით გაიხსნა 2018 წლის 7 სექტემბერს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – „შემოდგომის თბილისი“.
1 აპრილს  2011 წლის უნიკალური ჩანაწერი იყო ნაჩვენები, რომელიც ფრანგულმა კულტურის ტელეარხმა “MEZZO”-მ გადაიღო, რომელიც ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2011 წლის 1 მაისს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგა. ეს იყო ტელეარხ „MEZZO“-ს პირველი პროექტი ამიერკავკასიის რეგიონში.
კონცერტი წარმოადგინა თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტამ“, ბენჟამინ ლევის (საფრანგეთი) დირიჟორობით, ასევე სოლისტებმა: ელისო ბოლქვაძემ (ფორტეპიანო), ნინო გვეტაძემ (ფორტეპიანო), ანა ყიფიანმა (ფორტეპიანო), გიორგი გვანცელაძემ (ჰობოი), ლევან ცხადაძემ (კლარნეტი), ბრამ ვან სამბეკმა (ფაგოტი) / ჰოლანდია.
5 აპრილის საღამო დაეთმო ბაროკოს მუსიკას და პირველი, 2015 წლის „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ერთ-ერთი კონცერტი იყო წარმოდგენილი, სადაც მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები: სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია) და ქრისტინე ბუში (ვიოლინო, გერმანია) „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად იტალიური და გერმანული ბაროკოს მუსიკას ასრულებდნენ.
9 აპრილის YouTube კონცერტი 1989 წლის 9 აპრილს საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს მიეძღვნა და მოცარტის „რეკვიემი“ გაჟღერდა. შემსრულებლები გახლდნენ: „საქართველოს სინფონიეტა“, სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი; ანსამბლი „ZEFIRO“; პოზიტივ ორგანი – ანნა ქურდოვანიძე; თბილისის გუნდი „ბაროკო“, სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი მარგველაშვილი. სოლისტები კი იყვნენ: მარიამ კუბლაშვილი (სოპრანო); ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო); გიორგი დავითაძე (ტენორი); გივი გიგინეიშვილი (ბანი).
12 აპრილს, 19:00 საათზე, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენის, „ძველებური ცეკვების“ YouTube პრემიერა შედგება. პროექტი, „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ გიორგი ქერელაშვილი; ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე, ხოლო კოსტიუმების მხატვარი – უტა ბექაია.
მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – საქართველოს სინფონიეტა; გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“; მიხეილ აბრამიშვილი – კონტრტენორი;ანნა ქურდოვანიძე – კლავესინი, პოზიტივ ორგანი; ჟოზეპ მარია მარტი დიურანი – თეორბო და ბაროკოს გიტა; დანიელ გარაი მორაგესი – დასარტყამი ინსტრუმენტები.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტების ჩანაწერების ჩვენებას მომავალშიც განაგრძობს და ორკესტრის ხელმძღვანელობაკიდევ არაერთი უნიკალური ჩანაწერის ჩვენებას გვპირდება.
გამოიწერეთ „საქართველოს სინფონიეტას“ არხი და უყურეთ კონცერტებს ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
https://www.youtube.com/c/georgiansinfonietta

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები