„…ბევრნი არასოდეს ყოფილან, მაგრამ ამ ცოტას გადაჰქონდა თავის მხრებზე ზნეობრივი უწყვეტობის შენარჩუნება“ – მაკა ჯოხაძის დაბადების დღე

10 აპრილი მწერლისა და ლიტერატურათმცოდნის მაკა ჯოახძის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მწერალი როსტომ ჩხეიძე ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„შემიდარებია ჟანა დ`არკისთვისაც. მარგარეტ იურსენარისა და ვირჯინია ვულფისთვისაც შემიდარებია.
კი მაგრამ… ეს ხომ სხვადასხვა პოლუსია?
ეტყობა არც ისე სხვადასხვა, რადგანაც ამ თვისებებმა შესაძლოა, ერთ ადამიანშიც მოიყაროს თავი, როცა ის პიროვნება მაკა ჯოხაძეა – დახვეწილი სტილისა ყოფით რეალობაშიც და მხატვრულ სინამდვილეშიც და მეამბოხე ყოველგვარი სიცრუის, სიყალბისა და ფარისევლობის წინააღმდეგ.
ამისათვის დევნაც უნდა გამოევლო, სამწერლო მოვლენების შუაგულში რომ მოექცეოდა პიესისათვის „ორი ცხოვრება“ და ჩვენი ლიტერატურის ისტორია ამ ეპიზოდიდაც დალაქავდებოდა.
თუ ვინმეს სწყურია სიმართლე და სიწრფელე, მაკა ჯოხაძისნაირ ადამიანებს, რომელნიც ბევრნი არასოდეს ყოფილან, მაგრამ ამ ცოტას გადაჰქონდა თავის მხრებზე ზნეობრივი უწყვეტობის შენარჩუნება.
ამიტომაც ფეთქავს მისი ყოველი სტრიქონი, დამუხტული ემოციებითა და იმ რწმენით, რომელიც მიყრუებულა, მისავათებულა კიდეც და მოელის ხელის შეხებას მაკა ჯოხაძისაც (თავისებურად სიმბოლურია, ბიბლიურ ქალთა პორტრეტების შექმნას რომ მოინდომებდა), რათა დაიბრუნოს თავისი ძალა და ჩვენც აგვავსოს მხნეობითა და იმედოვნებით.
ასეთი ადამიანები ასრულებდნენ მისიონერის როლს და ეს როლი გადმობარებიათ იმ მცირერიცხოვან პიროვნებებს, რომელთა შორისაც მაკა ჯოხაძე იგულისხმება.
დღეს, 10 აპრილს, მისი დღეა.
წესით ასეთი ადამიანებისა უნდა იყოს ყოველი დღეც და ასეც იქნება იმ უკეთეს საქართველოში, საიდან მობერილი ნიავითაც სუნთქავს მაკა ჯოხაძე. და ამიტომაც გრძნობს მთელი სიმძაფრითა და სიცინცხალით, რა არის სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი“, – წერს როსტომ ჩხეიძე.

მაკა ჯოხაძე დაიბადა 1948 წელს, თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მეორე მუსიკალური სასწავლებელი. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1969 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა და მას შემდეგ იბეჭდება საქართველოში, რუსეთში და საზღვარგარეთის ქვეყნებში.
1987 წელს მიენიჭა საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია პუბლიცისტური წერილებისათვის – „მშფოთვარე ძილის ხეობებში“.
1989 წელს მაკა ჯოხაძე მიწვეული იყო პარიზში, ჟორჟ პომპიდუს სახელობის ცენტრის მიერ მოწყობილ მსოფლიოს მწერალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე. 2000 წლიდან გაზეთ (შემდგომში ჟურნალ) „ჩვენი მწერლობის“ ჯერ პროზისა, შემდეგ კი პოეზიის განყოფილებების რედაქტორია. 2010 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საგურამო“ კრიტიკული წერილების, ესეებისა და ლიტერატურული პორტრეტების წიგნისათვის „სამოთხე უსიყვარულოდ“.
გამოცემული აქვს წიგნები: „გურამ-გურამ“, მოთხრობები (1976), „გადარჩენილი პეიზაჟი“, მოთხრობები (1984), „შეხვედრა“, მოთხრობები (1985), „ჩემი დავით კლდიაშვილი“, მონოგრაფია (1995, 2012), „მარადიული ბალაგანი“, რომანი (1997), „მზერის გადანაცვლება“ , წერილები, ესეები (1988), „გამარჯვება შიშზე“ , ესეისტურ-პუბლიცისტური წერილები (1999), „სამოთხე უსიყვარულოდ“, კრიტიკული წერილების, ესეებისა და ლიტერატურული პორტრეტები (2010), „მკვდარ გუბეში ნასროლი კენჭები“, რომანი (2013), „ჩაძირული დღესასწაული“, ჩანაწერები (2013), „ფიჭვები უდაბნოში“, მოთხრობების კრებული (2017).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები