თამარ ციხიშვილი: თუ საგანგებო მდგომარეობის წესებს 16 წლამდე პირები დაარღვევენ, პასუხისმგებლობა მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს ეკისრებათ

ამ ეტაპზე, არ არსებობს ოფიციალური მონაცემი, საგანგებო მდგომარეობის პირობების დამრღვევთა შორის, რამდენი არასრულწლოვანია, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არასრულწლოვანების სტატუსი არ არის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თავისუფლება. ასეთ შემთხვევაში, სანქცია ეკისრება არასრულწლოვნის მშობლებს და მნიშვნელოვანია, დადგენილი წესებით ინფორმირებული იყოს მშობლები – აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ განმარტებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, თამარ ციხიშვილი აკეთებს.

თამარ ციხიშვილის განცხადებით, 2020 წლის 21 მარტს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. დეკრეტის საფუძველზე, 2020 წლის 23 მარტს გამოიცა საქართველოს მთავრობის #181 დადგენილება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირისთვის ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან/და კუმულაციურ სანქციას.

სწორედ მთავრობის დადგენილების მე-14 მუხლში ცალსახად იქნა აღნიშნული, რომ 16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები კი განისაზღვრება ამ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილების მქონე უწყების ნორმატიული აქტებით. მართალია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიერ, მაგრამ აღსრულების კუთხით, აღნიშნული ნორმა პირდაპირ კავშირშია ქმედუნარიანობის საკითხთან. სამოქალაქო-სამართლებრივად, 7 წლამდე პირი ითვლება ქმედუუნაროდ, 7-18 წლამდე კი შეზღუდულ ქმედუნარიანად. ამდენად, პირის ქმედუუნარობა, ისევე როგორც შეზღუდული ქმედუნარიანობა, უკავშირდება მის მატერიალური დამოუკიდებლობის საკითხს.
შესაბამისად, უმრავლეს შემთხვევებში, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მშობელთა ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთა პასუხისმგებლობას. კონკრეტულ შემთხვევაშიც, იგი აისახა მთავრობის შესაბამისი დადგენილების ფარგლებშიც, რაც სრულად პასუხობს გამოწვევას და სამართლიანია, რადგან არასრულწლოვნის მიერ ქმედების განხორციელების მიუხედავად, მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს აქვთ არასრულწლოვანზე ზრუნვის ვალდებულება, რაც გარკვეულ ნეგატიურ და სავალდებულო პასუხისმგებლობასთანაც კავშირშია. ამდენად, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციისა და საკარანტინო წესების დარღვევა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. 16 წლამდე პირების შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს.

თამარ ციხიშვილის განმარტებით, არასრულწლოვანთა მშობლები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შედეგად დადგენილი წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, სასამართლოსთვის მიმართვით სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებიდან 10 დღის ვადაში შეძლებენ. ამჟამად, კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები, შეჩერებულია.

ცნობისთვის: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 7 აპრილის ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები