ირაკლი ჩიქოვანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც სხვა დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც სხვა დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს, შესაბამისად, ჩატარდება პროაქტიული თერმოსკრინინგი, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის გასასვლელში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება”, – ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთი ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, უკვე დადგენილია გარკვეული კონტაქტები და მიმდინარეობს მუშაობა.
პრემიერმინისტრის მრჩეველმა საზოგადოებას Covid-19-თან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული სტატისტიკა გააცნო.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოში გვყავს 208 ადამიანი დადასტურებული კორონავირუსით, ასევე, 48 გამოჯანმრთელებული, 4682 ადამიანი იმყოფება კარანტინში და 375 სტაციონარში, ყურადღების ქვეშ. სამწუხაროდ, გვაქვს 3 ლეტალური შემთხვევა”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც მან აღნიშნა, ტელეკონფერენციის საშუალებით ჩატარებული სხდომის ფარგლებში პრემიერმინისტრს წარედგინა ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით და რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სხდომაში მონაწილეობა საბჭოს ყველა წევრმა მიიღო.