დუშეთში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები გადაეცათ
ქალაქ დუშეთის უფასო სასადილოს 125 ბენეფიციარს ადგილობრივი ხელისუფლებისგან 1 თვის სასურსათო მარაგი გადაეცა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მოხალისეებთან ერთად აღნიშნულ აქციაში მონაწილეობდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული- შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე – ზაქარია ხეხელაშვილი,მერის წარმომადგენელ დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – შალვა ინაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – გიორგი ასლამაზიშვილი.
“თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს, ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული პაკეტი ბინაზე მიუტანეს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ხანდაზმული მოქალაქეების, სპეციალური საჭიროებების მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა მხარდასაჭერად მუშაობას აგრძელებს და მომდევნო 3 თვის განმავლობაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები საკუთარი ხელფასის 10 %-ს გადარიცხავენ კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ სპეციალურ StopCoV ფონდში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.