ჩხოროწყუში 300 ოჯახი ,,ტიბინი“ ჯგუფისგან დახმარებას მიიღებს
შპს ,,ტიბინი ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზურაბ ახალაიას ინიციატივით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისათვის 19 დასახელების სასურსათო პროდუქტისა და ჰიგიენური საშუალებების სასაჩუქრე კალათი მოამზადეს.
სასაჩუქრე პაკეტი მუნიციპალიტეტს ზურაბ ახალაიამ გადასცა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოხალისეებთან ერთად, მარტოხელა ხანდაზმულებს, შშმ პირებს, მრავალშვილიან, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ, სოციალურად დაუცველ 300 ოჯახს სახლში მიუტანენ.
თითოეულ ოჯახზე 100 ლარის ღირებულების პროდუქციაა გათვალისწინებული.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დათო გოგუამ ,,ტიბინი“ ჯგუფსა და ჯგუფის ერთ-ერთ დამფუძნებელს, აქციის ორგანიზატორს, ქალაქ ჩხოროწყუს მკვიდრ ზურაბ ახალაიას მადლობა გადაუხადა გაწეული ქველმოქმედებისთვის და პროდუქტის დაფასოების პროცესში თავადაც მიიღო მონაწილეობა.